მუჯირი სლოვაკეთში ითამაშებს - მან „ზლატე მორავცეში“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
მუჯირი სლოვაკეთში ითამაშებს - მან „ზლატე მორავცეში“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

სლოვაკეთში კარიერას კიდევ ერთი ქართველი გააგრძელებს. „ზლატე მორავცეში“ დავით მუჯირი ჩაირიცხა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„22 წლის ახალგაზრდამ გამოცდა ჩააბარა. ის გუნდთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და მენეჯმენტისგან ერთწლიანი კონტრაქტი მიიღო. ტანმაღალმა თავდამსხმელმა კარიერა სამშობლოში, საქართველოში დაიწყო. გამოდიოდა „ჩიხურაში“, „დინამო თბილისსა“ და „შუქურაში“. სლოვაკეთი დავითისთვის მესამე უცხო ქვეყანაა მოლდოვას (ტირასპოლის „შერიფი“) და თურქეთის („ანტალიასპორი“ U19) შემდეგ“, – წერია „ზლატე მორავცეს“ პრესსამსახურის ცნობაში.

22 წლის ფეხბურთელი დავით მუჯირების ოჯახური დინასტიის მესამე მოთამაშეა. მისი ბაბუა თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის წარმოამდგენელი იყო, მამამისმაც კარიერა ამ გუნდში დაიწყო და შემდეგ გრაცის „შტურმში“, სამარის „კრილაი სოვეტოვში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“ და იაპონურ „ჰიროსიმაში“ გააგრძელა, იყო საქართველოს ნაკრების წევრი, ამჟამად კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია.

ზლატე მორავცეს“ პრესსამსახური მიუთითებს, რომ დავით მუჯირი კლუბში ზაფხულში ჩარიცხული მესამე მოთამაშეა მარეკ შვეცისა და კუბილაი ილმაზის შემდეგ.

„ჩვენ საინტერესო მოთამაშე დავიმატეთ. მუჯირი საინტერესო და პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელია. სიმაღლის გამო, ის სხვა ტიპის თავდამსხმელია, ვიდრე ჩვენ გვყავს. რა თქმა უნდა, მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, მაგრამ გარკვეულ ვითარებაში უკვე შეიძლება ჩვენთვის საინტერესო ალტერნატივა გახდეს“, – განაცხადა „ზლატე მორავცეს“ გენერალურმა მენეჯერმა, მარეკ ონდრეიკამ.