მუჯირი ქართული ლიგისადმი ინტერესის ზრდას აფიქსირებს - ირლანდილებთან თანამშრომლობით 200 ათასი ლარი დაიზოგა
მუჯირი ქართული ლიგისადმი ინტერესის ზრდას აფიქსირებს - ირლანდილებთან თანამშრომლობით 200 ათასი ლარი დაიზოგა

დავით მუჯირმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ახალ პარტნიორ კომპანიასთან, „ინსტატთან“ (INSTAT LTD) გაფორმებულ ხელშეკრულებაზე – ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საინტერესო დეტალები გაამხილა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პარტნიორი ირლანდიური „ინსტატ ლიმიტიდი“ ევროპასა და მსოფლიოს საფეხბურთო წრეებში ცნობილი კომპანიაა. ის უზრუნველყოფს გულშემატკივრებისთვის, მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციების მიწოდებას, როგორც ინდივიდუალურის, ასევე – გუნდურის. ამ სტატისტიკური ინფორმაციების ინტეგრირება „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ რეპორტაჟებში მოხდა. ამას გარდა, „ინსტატ ლიმიტიდთან“ ხელშეკრულების ფარგლებში, ამ კომპანიამ ფეხბურთის ფედერაციას სატელევიზიო გადაღებასთან დაკავშირებით ყველაზე სარფიანი წინადადება შესთავაზა – ლაპარაკია 200 ათასი ლარის ეკონომიაზე, რასაც სხვადასხვა პროექტებში გამოვიყენებთ“, – ამბობს მუჯირი.

სფფ-ს გენერალურმა მდივნის თქმით, წლეულს ეროვნული ლიგის მიმართ სატელევიზიო კომპანიების ინტერესი გაიზარდა და გაშუქების კუთხით კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნა – „სამწუხაროდ, წლების წინ ჩვენ ამ საქმის ნულიდან დაწყება მოგვიწია, როდესაც სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ტრანსლაციების საშუალება არ იყო და გულშემატკივარს საკუთარი გუნდის თამაშს ვერ უყურებდა. სატესტო რეჟიმი გვქონდა იმ კომპანიებთან, რომლებთანაც ადრე ვთანამშრომლობდით და მივედით იმ კონკრეტულ სტანდარტამდე, რაც აკმაყოფილებდა როგორც ფეხბურთის ფედერაციას, ასევე – ქართველ გულშემატკივარს. წელს კი ფეხბურთის ფედერაციამ სხვადასხვა კომპანიებისგან უფრო მეტი ინტერესი დაინახა, კონკურენტუნარიან გარემოში კი „ინსტატ ლიმიტიდმა“ სფფ-ს ყველაზე სარფიანი წინადადებით შესთავაზა“.

მუჯირმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სატესტო ხელშეკრულება მხოლოდ ექვსთვიანია – „ჩვენთვის პრიორიტეტული მხოლოდ ის მოთხოვნებია, რაც გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას აკმაყოფილებს და მხოლოდ შემდეგ მოდის ის დამატებითი სერვისი, რაც ამ ეტაპზე სტატისტიკაში გამოიხატება. ჩვენ ახალ პარტნიორთან კომუნიკაცია გვაქვს და იმედია, ჩვენების ხარისხი ჩვეულ დონეზე მალე იქნება. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული დამატებითი სერვისებიც წაადგება ქართულ ფეხბურთის განვითარებას და გულშემატკივართა ინტერესიც დაკმაყოფილდება“.