მტკივნეული მარცხი - „ფეიენოორდმა“ „დინამო“ უშანსოდ დატოვა (ვიდეო)

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის „ფეიენოორდისა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

სტადიონ „დე კუიპზე“ მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს და ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა ჯერ სტევენ ბერგჰუისს, მერე კი სემ ლარსონს, მაგრამ ამ მომენტებით ვერ ისარგებლეს.

ტაიმის შუაში თბილისელებმა მასპინძელთა შეტევების შეჩერება მოახერხეს, პირველად კი მეტოქე 22-ე წუთზე შეაწუხეს, როდესაც ლევან შენგელიამ შორიდან დაარტყა, მაგრამ მეკარე კენეტ ვერმეერი დარტყმულს გაუმკლავდა.

თუმცა, „ფეიენორდმა“ ტაიმის ბოლოს თბილისელთა კართან ზეწოლა ისევ გააძლიერა და 43-ე წუთზე სტევენ ბერგჰუისის გადაცემით ლუის სინისტერამ ანგარიში გახსნა – 1:0.

სამწუხაროდ, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, თამაშის გაგრძელება ლევან შენგელიამ ვერ შეძლო და შესვენებაზე ის შეცვალეს. თამაში ისევ როტერდამელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა განავითარეს.

„დინამომ“ შეტევა ოდნავ გაამწვავა და პირველად მხოლოდ 61-ე წუთზე შეუტია, როდესაც კარს გიორგი კუხიანიძე დაემუქრა, მაგრამ მეკარემ ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა. 68-ე წუთზე კი ჯარიმა ნიკა ნინუამ შეასრულა და მიზანს ააცილა.

თბილისელებმა პირველი რეალური საგოლე მომენტი 70-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ნოდარ ქავთარაძის შორეული დარტმის შემდეგ „ფეიენოორდი“ მეკარე ვერმერმა გადაარჩინა.

როტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა იაპ სტამმა შეტევების გაძლეიერება გადაწყვიტა და მოედანზე ლუსიანო ნარსინგი შეუშვა. პარალელურად, მთავარმა არბიტრმა 79-ე წუთზე მოედნიდან აკაკი შულაია გააძევა, რომელმაც 3 წუთის მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

ამით ჰოლანდიელებმა სწრაფად ისარგებლეს და მოედანზე გაილაღეს: ფლანგური გაადცემის შემდეგ დავით კობიურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 2:0. ორ წუთში კი „დინამოს“ ესპანელმა მცველმა ვიქტორ მონხილმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და უკრაინელმა არბიტრმა თბილისელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც სტევენ ბერგჰუისმა გოლად აქცია – 3:0. მალე მისი გადაცემით ლუსიიანო ნარსინგმა ისარგებლა – 4:0.

ფეიენოორდი – დინამო 4:0

გოლები: 1:0 სინისტერა (43), 2:0 კობოური (82. ავტოგოლი), 3:0 ბერგჰუისი (84. პენალტით), 4:0 ნარსინგი (88)

ფეიენოორდი: ვერმეერი – ნიუვკოოპი (46. გერტრეიდა), ბოტეგინი, ვან დერ ჰეიდენი, ჰაპსი – კოკუ, ტაპია (77. ბიურგერი, ფერი – ლარსონი, სინისტერა (72. ნარსინგი), ბერგჰუისი

დინამო: პერალესი – რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე – ნინუა, პაპავა, – ქავთარაძე (87. კარიკარი), კუხიანიძე (77. ქარდავა) შენგელია (46. შულაია) – კუტალია

გაძევება: შულაია (79. მეორე ყვითელი ბარათი)

შეგახსენებთ, რომ „ფეიენოორდს“ თბილისის „დინამო“ 15 აგვისტოს თბილისში, „დინამო-არენაზე“ უმასპინძლებს. უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდება. თუმცა, „დინამოს“ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება 5 დღის განმავლობაში შეუძლია.