მთელი შეკრება ინდივიდუალურად ივარჯიშებს - სლუცკი გადატვირთულ კვარაცხელიას მსუბუქად მოამზადებს #1TVSPORT
მთელი შეკრება ინდივიდუალურად ივარჯიშებს - სლუცკი გადატვირთულ კვარაცხელიას მსუბუქად მოამზადებს #1TVSPORT

თურქეთში „რუბინის“ შეკრება დაიწყო. ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ იმ ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომლებიც საერთო ჯგუფში არ ვარჯიშობენ და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც დაასახელა.

„ინდივიდუალური გეგმები შედგენილია იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც გასული სეზონის ბოლოს დიდი დატვირთვები ჰქონდათ. ეს ეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ორივერ აბილდგორს და იგორ სამოშნიკოვს. ისინი მთელი შეკრება ინდივიდუალურად მოემზადებიან“, – განაცხადა სლუცკიმ.

თუმცა „რუბინის“ ოფიციალურ ვებგვერდზე მალევე გამოქვეყნდა სლუცკის მეორე კომენტარი, სადაც ტექსტი შეცვალა: 

„ჯერ კიდევ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც, სამწუხაროდ, საერთო ჯგუფში ვარჯიში არ დაუწყიათ. გასულ სეზონში მიღებული ტრავმები საკმაოდ სერიოზული გამოდგა, მაგრამ ჩვენ ხანგრძლივი შეკრება გვაქვს. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სეზონზე ყველა ფეხბურთელს ოპტიმალურ მდგომარეობაში მოვიყვანთ“.

ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ახალწვეულებზე საუბრისას, გასინჯვაზე მიწვეული ილია ვახანიაც ახსენა: 

„ვახანია „ზენიტ-2“-ის მოთამაშეა. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, ვიპოვოთ საინტერესო ნიჭიერი მოთამაშეები ქვედა დივიზიონებში“.

20 წლის ილია ვახანია „ზენიტის“ აკადემიის აღზრდილია და პეტერბურგის გუნდის დუბლშემადგენლობის მოთამაშე იყო. ამპლუით მარჯვენა მცველის სატრანსფერო ფასს პორტალი Transfermarkt 150 ათას ევროდ აფასებს.