მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) აცხადებენ, რომ არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

არჩევნების დღეს ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ. ცესკო-ს ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისები.

ამასთან, ცესკო-ში აცხადებენ, რომ 9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე ორი საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი.

„მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ასევე, დღის განმავლობაში ცესკოს მედიაცენტრში გაიმართება ბრიფინგები საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს N1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების დაუბრკოლებლად განხორციელებას“, – აცხადებენ ცესკო-ში.