მთავარი მწვრთნელი კაკაბაძეს ენდობა - „კრაკოვია“ პოლონური გრანდის დამარცხებით გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ პოლონეთის ჩემპიონატი (ექსტრაკლასა) კარგად დაიწყო, მე-3 ტურში კი პოლონური ფეხბურთის გრანდი დაამარცხა და გათამაშებაში გალიდერდა.

საქართველოს ნაკრების მცველმა პოლონური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გასული სეზონის ბოლოდან დაიმკვიდრა, როდესაც მთავარ მწვრთნელად იაცეკ ზელინსკი დაინიშნა. კაკაბაძე ახლაც სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და ვარშავის „ლეგიასთან“ გამართული მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ექსტრაკლასას მე-3 ტურის თამაშში გუნდმა პოლონური ფეხბურთის გრანდს დიდი ანგარიშით სძლია. ანგარიში მიხალ რაკოჩიმ 37-ე წუთზე გახსნა, პატრიკ მაკუჩიმ (51) მასპინძელთა უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ბენჟამინ კელმანმა დააფიქსირა.

ოთარ კაკაბაძემ დაცვაში საიმედოდ ითამაშა, ბოლო წუთებზე კი ორჯერ სცადა გატანა – 83-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავი რეიდი განახორციელა, მაგრამ ქართველი მცველის დარტყმულ ბურთს „ლეგიას“ მეკარე გადაეფარა და კუთხურზე მოიგერია. 86-ე წუთზე ოთარს უფრო რეალური შანსი მიეცა, მაგრამ კარის წინ დარჩენილი კაკაბაძის გასროლას ისევ ვარშაველთა კიპერი გადაეფარა და სტუმრები აშკარა გოლს გადაარჩინა.

საბოლოოდ, „კრაკოვიამ“ „ლეგია“ 3:0 დაამარცხა, 3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი, 9 ქულა დააგროვა და პოლონეთის ჩემპიონის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.