მთავარი მიზეზი, რის გამოც ზიდანი რეალიდან წავიდა, ისევ აქტუალურია
მთავარი მიზეზი, რის გამოც ზიდანი რეალიდან წავიდა, ისევ აქტუალურია

გასულ შემოდგომაზე უცხოურმა მედია საშუალება თრაიბალფუტბლომა (Tribalfootball) ზინედინ ზიდანის რეალიდან წასვლის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც გარეტ ბეილს უკავშირდებოდა.
აღნიშნული წყაროს თანახმად, ფრანგი სპეციალისტი ფლორენტინო პერესს იანვარში შეუთანხმდა, რომ ზაფხულში რეალი უელსელ ფეხბურთელს გაყიდიდა და მის ნაცვლად სხვა ვარსკვლავს შეიძენდა, მაგრამ ფინალში შესრულებული დუბლის შემდეგ, სამეფო გუნდის პრეზიდენტმა პირობა შეცვალა და ბეილი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელად მიიჩნია.

შესაბამისად, ზიდანის მოთხოვნა სხვა ვარსკვლავის მოყვანის შესახებ დღის წესრიგიდან მოიხსნა, ფრანგმა სპეციალისტმა კი პრეზიდენტის სიტყვის გატეხვა შეურაცხყოფად მიიღო და გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
ბეილის საკითხი დღეისთვისაც მეტად აქტუალურ თემად რჩება. ვინგერის მომავალი გაურკვეველია. მაღალი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, 29 წლის ფეხბურთელი სამეფო კლუბს დატოვებს და ზიდანსაც შეეძლება მისი რჩეულის, როგორც ჩანს, ედენ აზარის ლოს ბლანკოსში მიყვანა.