მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა სამ მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა სამ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ბრაზილიასა და ინდოეთში.

„როიტერის“ მონაცემებით, პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ გლობალური მასშტაბით ორი მილიონი ერთ წელზე მეტ ხანში შეადგინა, ხოლო სამ მილიონამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამ თვეში გაიზარდა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა ბრაზილიაში აღირიცხება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნის კრიტიკული მდგომარეობისა და გადატვირთული სამედიცინო სისტემის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

რაც შეეხება ინდოეთს, ორშაბათს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული დღიური რაოდენობა გამოვლინდა, რის შედეგად, ის მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა, აშშ-ის შემდეგ, სადაც კორონავირუსის 100 ათასზე მეტი დღიური შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატ მაჰარაშტრაში მიმდინარე კვირის დასაწყისიდან კარანტინი გამოცხადა.

ევროპის რეგიონში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 1,1 მილიონი შემთხვევა, საიდანაც დაახლოებით 60% ხუთ ქვეყანაზე – დიდ ბრიტანეთზე, რუსეთზე, საფრანგეთზე, იტალიასა და გერმანიაზე მოდის.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალებისა რაოდენობით. მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების საერთო შემთხვევების დაახლოებით 19% აშშ-შია რეგისტრირებული.

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 370 მილიონზე მეტ ადამიანს, ანუ გლობალური მოსახლეობის დაახლოებით 4,75%-ს ჩაუტარდა.

დატოვე კომენტარი