რა შეიძლება შეცვალოს მსოფლიოს ჩემპიონატმა ოლიმპიადის წინ - ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა გუჯეჯიანთან #1TVSPORT
რა შეიძლება შეცვალოს მსოფლიოს ჩემპიონატმა ოლიმპიადის წინ - ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა გუჯეჯიანთან #1TVSPORT

6 ივნისს, უნგრეთში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. საქართველო ბუდაპეშტში ინდივიდუალური ასპარეზობისთვის 14 სპორტსმენით (9 ვაჟი, 5 ქალი) გაემგზავრა, 13 ივნისს გასამართი  გუნდური შეჯიბრისთვის კი მათ ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური და ილია სულამანიძე დაემატებიან.

ცვლილებები მოხდა წინასწარ დასახელებულ შემადგენლობაში. კორონავირუსის გამო, ტურნირს გამოაკლდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ.) მის ნაცვლად კი გუნდს ნუგზარ ტატალაშვილი დაემატა, რომელმაც -73 კგ. წონითი კატეგორია გააორა. ორი სპორტსმენი ეყოლება საქართველოს -81 კგ-შიც, სადაც თავიდანვე სიაში მყოფ ლუკა მაისურაძეს ტატო გრიგალაშვილიც დაემატა, რაც ინდივიდუალური შეჯიბრიდან ილია სულამანიძის მოხსნის ხარჯზე მოხდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ინდივიდუალური შეჯიბრისთვის ასე გამოიყურება:

 

ვაჟები:

– 60 – თეიმურაზ ნოზაძე

– 66 – ვაჟა მარგველაშვილი

– 73 – ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

– 81 – ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე

– 100 – ვარლამ ლიპარტელიანი

+ 100 – გელა ზაალიშვილი

ქალები:

– 52 – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი

– 57 – ეთერ ლიპარტელიანი

– 70 – მარიამ ჭანტურია

+78 – სოფიო სომხიშვილი

მსოფლიო ჩემპიონატისა და მოახლოებული ოლიმპიური თამაშების შესახებ, გადაცემა „ტაიმაუტთან“ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა ისაუბრა.

 

მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

– ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემი აზრით, უადგილო ადგილას არის კალენდარში ჩასმული, რადგან ოლიმპიური წელია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს შეჯიბრება სპორტსმენების ნაწილისთვის მსოფლიოს ჩემპიონატია, ნაწილისთვის კი ოლიმპიადის სამზადისი. ვინაიდან რიგი სასტარტო შეჯიბრები, რომელიც წინასაოლიმპიადოდ შეგვეძლო გამოგვეყენებინა, გაუქმდა, იძულებულები გავხდით, ზოგიერთი სპორტსმენისთვის ამ მიზნით მსოფლიო ჩემპიონატი გამოგვეყენებინა. მიუხედავად ამისა, საბრძოლო განწყობაა, მოტივაცია არსებობს გუნდში და როგორ გავართმევთ თავს ამას, მსოფლიოს ჩემპიონატი გვიჩვენებს. ამ დროისთვის ფიზიკური წვრთნა, ტაქტიკური ნაწილი, ზოგადი შეკრება, ტატამზე მიღებული პრაქტიკა… მზადების ყველა ეტაპი გავლილია და გუნდი ჯანმრთელად არის. დამაჯერებლად გამოიყურებიან დარბაზში. დასკვნით შეხვედრებში დავინახე, რომ ზოგი პიკშია, ზოგი იმ ეტაპზეა, რა ეტაპზეც უნდა იყოს ოლიმპიადის წინ. ვფიქრობ, ნორმალური მდგომარეობაა და ყველა ეტაპი გავლილია მშვიდობიანად, წყნარად და სპორტულ ვითარებაში.

 

– 60 კგ.

– თემურ ნოზაძე ასპარეზობს 60 კილოგრამში. ის საკმაოდ პერსპექტიული სპორტსმენია, რომელსაც კიდევ ერთხელ ენდობა მწვრთნელთა საბჭო. თემური დაიცავს საქართველოს ღირსებას ამ წონაში.

 

– 66 კგ.

– ვაჟა მარგველაშვილი თავისი წონის ერთ-ერთი ლიდერია. რა თქმა უნდა, მისთვის წინასაოლიმპიადო სტარტსაც ნიშნავს ეს მსოფლიოს ჩემპიონატი, მაგრამ ვგეგმავთ წარმატებას.

 

-73 კგ.

– როგორც ვაჟასთვის, შავდათუაშვილისთვისაც წინასაოლიმპიადო მზადების ნაწილია და ლაშასგანაც ველოდებით, რომ ის აუცილებლად მედლისთვის იბრძოლებს, მაგრამ ძირითადი მოტივაცია გუნდისთვის მაინც არის ოლიმპიური თამაშები. რაც შეეხება ტატალაშვილს, ის საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე წარმატებული სპორტსმენია და მიმაჩნია, რომ შრომა, რომელიც გასწია, მას დაუფასდა და ნუგზარსაც წარმატებას ვუსურვებ მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

-81 კგ.

– ამ წონაში გვქონდა გადაწყვეტილება, რომ ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაგვესვენებინა, მაგრამ ზოგადმა სიტუაციამ, წვრთნის ნაწილმა და სხვა ნიუანსებმა, რომლებზეც არ მინდა ახლა ვისაუბრო, მოიტანა ის, რომ აუცილებელი გახდა ტატოსთვის ეს შეჯიბრება მიგვეცა და ვფიქრობ, მას ეს წაადგება. რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, ის თავისი წონის გამორჩეული ლიდერია. იყო პატარ-პატარა პრობლემები, რომლებსაც წონის კლების ნაწილში ვაწყდებოდით, მაგრამ ვფიქრობ, ამ ამოცანას თავს გავართმევთ და ლუკასთანაც აუცილებლად წარმატებას ვგეგმავთ, იმიტომ, რომ ლუკა ლუკაა და ის გასული მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორია.

 

-90 კგ.

– ღვინიაშვილი, რა თქმა უნდა, ლიდერია თავის წონით კატეგორიაში და კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ ოქროს მედალს ვგეგმავთ. ეს გეგმაა, რისი გეკეთებაც, ვფიქრობ, ბექას ძალიან მარტივად შეუძლია. რაც შეეხება ბექაურს, ის გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობს, ისევე, როგორც ავთანდილ ჭრიკიშვილი, და ვფიქრობ, -90 კილოგრამი არის ის წონითი კატეგორია, სადაც ყველაზე საიმედოდ ვართ ყოველთვის.

 

-100 კგ.

– ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთი სპორტსმენია, რომელიც ძირითადი გუნდიდან შემიძლია გამოვყო იმ კუთხით, რომ მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები. ვარლამი არის უგვირგვინო ჩემპიონი და ჩემთვის, როგორც მისი გულშემატკივრისთვის და არა როგორც მწვრთნელისთვის, არ ცვლის არაფერს, ვარლამი მსოფლიოს ჩემპიონი იქნება თუ ოლიმპიური ჩემპიონი. თუმცა ორივე ტიტულის მოპოვება შეუძლია. ვფიქრობ, ვარლამის ვერცხლთან ასოცირება წელს დასრულდება. მას დიდ წარმატებას ვუსურვებ. ის პირნათლად ასრულებს თავის სტატუსს – კაპიტნის სტატუსი მაქვს მხედველობაში, და მისი ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ დამაჯერებელი და დამაკმაყოფილებელია ამ ეტაპისთვის.

 

+100 კგ.

– გელა ზაალიშვილი პერსპექტიული სპორტსმენია. ვგეგმავთ მედალს. ადამიანს, რომელსაც შეუძლია ბრინჯაოს მედალი მოიპოვოს, შეუძლია ოქროს მოპოვებაც. ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, როგორ წავა მისი ასპარეზობა და როგორ გაართმევს თავს. ვფიქრობ, ის მზად არის, ოპტიმალურ ფორმაშია და კიდევ გვაქვს დასკვნითი ეტაპი გელასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ შედარებით შორს არის მისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი (12 ივნისი) და პატარა დეტალები გვაქვს წასამატებელი – იგივე წონის კლება, სამოტივაციო განწყობის შექმნა, და მისგან წარმატებას ველოდებით.

 

გუნდური

– მიქსთი არის გუნდური შეჯიბრება – სამი ქალი-სამი ვაჟი. მსოფლიო ჩემპიონატზე ვიღებთ მონაწილეობას, რასაც სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ოლიმპიადაზე, რადგან ქალებში ერთი ლიცენზია დაგვაკლდა. თუმცა ამ გამოწვევისთისაც მზად ვართ, უბრალოდ, აქ არის საჭირო დრო. ვფიქრობ, სულ მალე ქალთა ძიუდოც ფეხზე დადგება და მივიღებთ იმ ნანატრ და სასურველ შედეგს, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონობა ჰქვია და ოლიმპიადაზე უკვე პარიზში გუნდით წარდგომას შევძლებთ.

 

რა შეიძლება შეცვალოს მსოფლიოს ჩემპიონატმა ოლიმპიადის წინ?

– 99%-ით არაფერს შეცვლის. ოლიმპიური გუნდის გამოცხადებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებ. გულშემატკივარს აინტერესებს, პირადად მეც კრიტიკის ნაწილი გავხვდი, მაგრამ მერწმუნეთ, მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ვიყოთ უფრო სტაბილურები, უფრო მობილიზებულები. გუნდის ჯერ არდასახელების ძირითადი მიზანი არის ის, რომ დიდი დრო არ მინდა დავუტოვო მეტოქეებს. გამოცხადებული გუნდი არის სამიზნე ობიექტი და ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბოლოსკენ დავასახელო ოლიმპიური გუნდი და ნაკლები დროის განმავლობაში ვიყოთ ვინმესთვის სამიზნე.