მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში რუსეთმა საუდის არაბეთს 5:0 მოუგო (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მოსკოვში, „ლუჟნიკი სთედიუმზე“ გაიმართა. მატჩში ერთმანეთს რუსეთი და საუდის არაბეთი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თამაშის პირველი გოლი მე-12 წუთზე იური გაზინსკიმ გაიტანა. 24-ე წუთზე ალან ძაგოევმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე დენის ჩერიშევი გამოვიდა. 43-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე სწორედ მან გაზარდა.

მატჩის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, რუსები მეტოქის ნახევარზე პრესინგს მიმართავდნენ და საუდის არაბეთს მასპინძლების ნახევარზე გადასვლა უჭირდა.

თამაშის მესამე გოლი 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა არტიომ დზიუბამ გაიტანა. ანგარიში 90-ე წუთამდე აღარ შეცვლილა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ 3 წუთში რუსებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოასწრეს (ჩერიშევი 90+1′, გოლოვინი 90+3′) და გამანადგურებელი ანგარიშით – 5:0 მოიგეს.

ტურნირის მომდევნო შეხვედრას რუსეთი 19 ივნისს, 22:00 საათზე, ეგვიპტის წინააღგმდეგ გამართავს.