მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალური ვაჭრობის ზრდის პროგნოზს ამცირებს
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალური ვაჭრობის ზრდის პროგნოზს ამცირებს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის გლობალური ვაჭრობის ზრდის პროგნოზი შეამცირა და მიზეზად ეკონომიკებს შორის სავაჭრო დაძაბულობა და გაურკვევლობა დაასახელა.

გლობალურმა სავაჭრო კლუბმა 2019 წლის მსოფლიო ვაჭრობის ზრდის პროგნოზი ნახევარი პროცენტით შეამცირა და 3.9 პროცენტამდე დაწია. მომავალ წელს ორგანიზაცია ვაჭრობის მოცულობის უფრო მეტ შემცირებას ელოდება და 3.7 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს.

ვაჭრობის შემცირებული ნაკადის მიუხედავად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) ხელმძღვანელმა რობერტო აზევედომ განმარტა, რომ საერთო ჯამში გლობალური ვაჭრობის ზრდა საკმაოდ კარგია და ზრდის პროგნოზის შემცირება მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის დაძაბულობას უკავშირდება.

„ვაჭრობის ზრდა ისევ ძლიერია, შემცირება გამომდინარეობს იმ დაძაბულობიდან, რასაც ჩვენ წამყვან სავაჭრო პარტნიორებს შორის ვხედავთ,“ განაცხადა აზევედომ.

ანალიტკოსები ვარაუდობენ, რომ მსო-ს განცხადება აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სატარიფო დაძაბულობაზე აშკარად მიანიშნებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონმა ფოლადისა და ალუმინის ექსპორტი მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებიდან გაზრდილი ტარიფებით დაბეგრა. ტარიფები გაეზარდათ აშშ-ის ისეთ ისტორიულ მოკავშირეებსაც, როგორიცაა ევროკავშირი და კანადა. მეორეს მხრივ, თეთრმა სახლმა ჩინეთი შიდა ბაზარზე უცხოური კომპანიების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში დაადანაშაულა და თამაშის წესების გათანაბრებამდე ჩინური იმპორტის დაბეგვრა გადაწყვიტა. პეკინმა საპასუხო ტარიფები აამოქმედა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში კი, ვაშინგტონმა უკვე 200 მილიარდი დოლარის ჩინური იმპორტის 10 პროცენტიანი ტარიფით დაბეგვრის გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური პეკინი პასუხად კიდევ 60 მილიარდი დოლარის ამერიკულ პროდუქციის დაბეგვრას აპირებს.