მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
09:26, 05.07.2025
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ატლანტაში ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მერვედფინალში „ინტერ მაიამი“ 4:0 დაამარცხა, ხოლო „ბაიერნმა“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ 4:2 სლია.
პსჟ მოახლოებულ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება. როგორც პრესკონფერენციისას ლუის ენრიკემ განაცხადა, მერვედფინალური მატჩის შემდეგ მოსამზადებლად გუნდს ექვსი დღე ჰქონდა, რაც მნიშვნელოვანი იყო. ფეხბურთელებს ტრავმები არ აწუხებთ და ესპანელ სპეციალისტს ყველა ლიდერის მოედანზე ხილვის შესაძლებლობა ექნება.
რაც შეეხება „ბაიერნს“, გერმანულ გრანდს მუხლის ტრავმის გამო კანადელი მარცხენი მცველი ალფონსო დევისი დააკლდება.
„პარი სენ-ჟერმენმა“ და „ბაიერნმა“ ბოლოს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის პირველ ეტაპზე ითამაშეს. 2024 წლის 27 ნოემბერს ჩატარებულ შეხვედრაში გერმანულმა გუნდმა 1:0 კიმ მინ ჯეს გატანილი გოლით მოიგო.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე უკვე ცნობილია ნახევარფინალური ეტაპის პირველი წყვილი – ბრაზილიური „ფლუმინენსე“ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება, ხოლო „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებული ფინალის საგზურისთვის 9 ივლისს „რეალისა“ და „დორტმუნდის“ მატჩში მოგებულს დაუპირისპირდება.