გარდაიცვალა მსოფლიო ხელბურთის ლეგენდა ჯემალ ცერცვაძე
გარდაიცვალა მსოფლიო ხელბურთის ლეგენდა ჯემალ ცერცვაძე

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, მსოფლიო ხელბურთის აღიარებული ვარსკვლავი ჯემალ ცერცვაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

17-წლიანი პროფესიონალური კარიერა (1958-1975) ჯემალ ცერცვაძემ თბილისის „ქარიშხალაში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც ორჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგი, სამჯერ ვერცხლის მედალს, ერთხელ კი ბრინჯაოს დაეუფლა. ზედიზედ ათჯერ ამავე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი დაისაკუთრა.

კარიერის 17 წლიდან მან 16 წელი სსრკ-ის ნაკრებსაც ულიდერა, რომლის შემადგენლობაშიც 78 მატჩი გამართა და 276 გოლი გაიტანა. იასპარეზა სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მათგან ორში კი ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ დასახელდა. გარდა ამისა, ჯემალ ცერცვაძე სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში.

1967 წელს შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მსოფლიო მედიამ მას „ხელბურთის ჯადოქარი“ უწოდა. ეს მეტსახელი ჯემალ ცერცვაძეს სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა.

ლეგენდარულ ხელბურთელს 31 იანვარს თბილისის სპორტის სასახლიდან გამოასვენებენ.