მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ
მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ

18-დან 24 მარტის ჩათვლით იაპონიის ქალაქი საიტამა ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. პირველობაზე იაპონელები თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავენ, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდება ნახტომითი ელემენტების შეფასება. იაპონელი სპეციალისტების მიერ შექმნილი სისტემა აისსკოუპი (IceScope) მოციგუარვის ნახტომის სიმაღლეს, ნახტომიდან გამოსვლის შემდეგ გამჭოლ სიგრძესა და სპორტსმენის ტრიალის სიჩქარეს გამოთვლის.

აღნიშნული ტექნოლოგია იაპონელებმა პირველად გასული წლის ნოემბერში, იუნიორების ეროვნულ ჩემპიონატზე გამოსცადეს. აისსკოუპმა (IceScope) მსაჯებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა და შეფასებისას საქმე გაუადვილა.

თუმცა, მხარდამჭერების გარდა, იაპონელთა ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. საერთაშორისო საციგურაო გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ლაკერნიკის განცხადებით, დამხმარე საშუალება ობიექტური შეფასებისთვის მნიშვნელოვაინია, თუმცა ამ სისტემის გამოყენებამ შესაძლოა მოციგურავის წარმოდგენის ერთიანი სურათის დანაწევრება გამოიწვიოს.

საიტამაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას მორის ყვითელაშვილი დაიცავს. მოკლე პროგრამას ის 21 მარტს წარადგენს, თავისუფალს კი 23 მარტს.