მსოფლიო ჩემპიონატს რეკორდული ნახვები აქვს - ფიფა-ს ახალი მონაცემები #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატს რეკორდული ნახვები აქვს - ფიფა-ს ახალი მონაცემები #1TVSPORT

ფიფა-მ გლობალური სატელევიზიო აუდიტორიის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატი, წინა მუნდიალებთან შედარებით, მეტ ინტერესს იწვევს.

კვირას, 27 ნოემბერს იაპონიისა და კოსტა რიკას მატჩმა (0:1) 36,37 მილიონი მაყურებელი მიიზიდა, რაც 10 მილიონზე მეტით აჭარბებდა მონაცემს, რომელიც იაპონიის გერმანიასთან გამარჯვების (2:1) დროს დაფიქსირდა.

ხუთშაბათს, 24 ნოემბერს სამხრეთ კორეა-ურუგვაის (0:0) 11,14 მილიონმა ადამიანმა უყურა – ეს 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩების საშუალო მაჩვენებელზე 97%-ით მეტია.

კვირას, 28 ნოემბერს ესპანეთში ტელემაყურებელთა 65%-მა იხილა ქვეყნის ეროვნული გუნდის მატჩი გერმანიასთან 1:1, ხოლო ნიდერლანდებში ტელემაყურებელთა სამ მეოთხედზე მეტმა (76.6%) უყურა მატჩს ეკვადორთან (1:1). ეს იყო 2022 წელს ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი სატელევიზიო აუდიტორია და 2018 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩზე მაღალი მაჩვენებელი.

საფრანგეთში დანიასთან შეხვედრას (2:1) მატჩის ბოლო წუთებში 14,56 მილიონი ადამიანი უყურებდა. პორტუგალიის მატჩი ურუგვაის წინააღმდეგ (2:0) ორშაბათს, 28 ნოემბერს იყო ყველაზე დიდი სატელევიზიო აუდიტორია პორტუგალიაში – რეპორტაჟით 5,35 მილიონი მაყურებელი დაინტერესდა.

პარასკევს, 25 ნოემბერს აშშ-ინგლისის მატჩის ტრანსლაცია გახდა ყველაზე ყურებადი ფეხბურთის მატჩი, რომელიც ამერიკულ ტელევიზიაში უჩვენებიათ – FOX-ის რეპორტაჟმა 19,65 მილიონი მაყურებელი შეკრიბა.

არგენტინაში მექსიკასთან გადამწყვეტ მატჩს (2:0) 8,48 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს – ეს 5%-ით მეტი მაჩვენებელია, ვიდრე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩების დროს დაფიქსირდა.