მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისის ნაკრებიც გამოეთიშა - ნახევარფინალში საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისის ნაკრებიც გამოეთიშა - ნახევარფინალში საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალები ინგლისი-საფრანგეთის მატჩით დასრულდა. ამ შეხვედრას უნდა გაერკვია, რომელი გუნდი ითამაშებდა ნახევარფინალში მაროკოს წინააღმდეგ. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საფრანგეთმა დამაჯერებელი თამაშით ინგლისი 2:1 დაამარცხა და მორიგი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ.

 

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ირანთან 6:2 გამარჯვებით გახსნა. მომდევნო სამი შეხვედრიდან ორი ერთნაირი ანგარიშით, 3:0 მოიგო. თუმცა სწორედ მეოთხედფინალში, საფრანგეთთან უნდა გამოჩენილიყო ბრიტანელთა რეალური ძალა. გამოჩნდა კიდეც – მოედნის უპირატესობაც მოიპოვა და სახიფათოდაც უტევდა.

თუმცა ერთია სახიფათო შეტევა და მეორე – გოლი. საფრანგეთი თავის შანსს მშვიდად ელოდა და მე-17 წუთზე მიიღო კიდეც – ჩუამენმა შორეული, ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა და მისმა გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

ინგლისის ნაკრებმა მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო გაამწვავა. ყველაზე სახიფათო ბუკაიო საკა იყო, რომელმაც 54-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა. თერთმეტმეტრიანი ჰარი კეინმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

ეს გახლდათ კეინის 53-ე გოლი ინგლისის ნაკრებში. ამ შედეგით ის ინგლისელთა ყველა დროის ბომბარდირ  უეინ რუნის გაუთანაბრდა. სხვათა შორის, კეინს ამავე მატჩში შეეძლო სნაიპერთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურება, თუმცა მეორე პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ზემოდან ააცილა.

მანამდე კი თავისი გოლი საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ოლივიე ჟირუმ გაიტანა. მას ამ მუნდიალზე მეოთხე გოლი მოუგროვდა. ამდენივე აქვს ლეო მესის. საუკეთესო ბომბარდირია ფრანგი კილიან მბაპე – 5 გოლი.

1/4 ფინალი
09.12.2022 19:00 ხორვატია – ბრაზილია 1:1, პენ 4:2
09.12.2022 23:00 ნიდერლანდები – არგენტინა 2:2, პენ 3:4
10.12.2022 19:00 მაროკო – პორტუგალია 1:0
10.12.2022 23:00 საფრანგეთი – ინგლისი 2:1

 

1/2 ფინალი
13.12.2022 23:00 ხორვატია – არგენტინა :
14.12.2022 23:00 მაროკო – საფრანგეთი :

 

მატჩი მესამე ადგილისათვის
17.12.2022 19:00 :
ფინალი
18.12.2022 19:00 :