მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის იდეა ფიფა-მ ოფიციალურად უარყო #1TVSPORT
ფინანსური მოგების გაზრდის მიზნით მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის იდეა ფიფა-მ ოფიციალურად უარყო. ამ ინიციატივას წინააღმდეგობა შეხვდა, განსაკუთრებით უეფა-ს მხრიდან – მისმა წევრებმა ფიფა-ს ბოიკოტირებისთვის მზადყოფნაც კი გამოთქვეს.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ აღნიშნული გეგმა უარყოფილია. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ჯანი ინფანტინოს განცხადებაში ვკითხულობთ:
„განსხვავებული პოზიციების დეტალურად გაანალიზების შედეგად ნათელი გახდა, რომ ამ ჩანაფიქრმა სერიოზული განხეთქილება გამოიწვია. შესაბამისად, მიუხედავად გარკვეული მხარდაჭერისა, ის ჩვენს მთავარ მიზნებს აღარ ემსახურება. ფიფა-ს მისია მუდმივად იყო და იქნება საფეხბურთო სამყაროს გაერთიანება და წინსვლა, ამიტომ ამ იდეის განხორციელებაზე უარს ვამბობთ.
პროექტი FIFA Forward Enterprise-ი თავდაპირველად ჩვენი წევრი ასოციაციებისა და, ზოგადად, ფეხბურთის გლობალურად გასაძლიერებლად შეიქმნა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ფინანსური დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მსგავსი ცვლილებები მხოლოდ ასოციაციების უმრავლესობის თანხმობითა და საბჭოსთან, კონფედერაციებსა თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კონსულტაციით უნდა გატარდეს.
ახლა ჩემი მთავარი ამოცანაა, უახლოეს პერიოდში კვლავ გავაერთიანო საფეხბურთო საზოგადოება საერთო ინტერესების გარშემო და ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელოთ სპორტის განვითარება ყველგან, უპირველესად კი იქ, სადაც ჩვენი გვერდში დგომა ყველაზე აუცილებელია“.