კალათბურთის მსოფლიო თასი - მეორე დღის შეჯამება | ჩინეთი 2019 [ვიდეო]
კალათბურთის მსოფლიო თასი - მეორე დღის შეჯამება | ჩინეთი 2019 [ვიდეო]

ჩინეთში მიმდინარე კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს რვა მატჩი გაიმართა. პირველივე მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ავსტრალია და კანადა დაუპირისპირდნენ, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ავსტრალიამ მეტოქის დამარცხება ანგარიშით 92:108 მოახერხა. პირველი ნახევრის შემდეგ კანადელები მხოლოდ სამი ქულით აგებდნენ და მესამე მეოთხედში საგრძნობი უპირატესობაც მოიპოვეს (37:24), თუმცა დასკვნითი პერიოდი ავსტრალიელემა ჩვიდმეტქულიანი სხვაობით მოიგეს და კომფორტული სხვაობით გაიმარჯვეს.

არანაკლებ სანახაობრივი გამოდგა ახალი ზელანდიისა და ბრაზილიის შეხვედრა, რომელიც ამ უკანასკნელმა ანგარიშით 102:94 მოიგო. სამხრეთ ამერიკელთა შორის საუკეთსო ლეანდრინიო ბარბოსა იყო. მან საკუთარ გუნდს 22 ქულა მოუტანა.

თურქეთმა მარტივად, 19 ქულის სხვაობით, ანგარიშით 86:67 სძლია იაპონიას და პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.

დაძაბული გამოდგა დომინიკის რესპუბლიკისა და იორადნიის დაპირისპირებაც, რომელშიც დომინიკელებმა მხოლოდ ოთხქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:76 იმარჯვეს.

ლიეტუვამ სენეგალი ანგარიშით 101:47 გაანადგურა. აფრიკელებმა მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერც ერთ მეოთხედში ვერ მოახერხეს და საბოლოო ჯამში 54 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

დამაჯერებლად მოიგო საბერძნეთმაც, რომლის მეტოქეც მონტენეგროს ნაკრები იყო. გიანის ანტეტოკუნმპომ 16 წუთი ითამაშა და ამ დროში საკუთარ გუნდს 10 ქულა და რვა მოხსნა შესძინა.

ჩეხეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ანგარიშით 67:88 დამარცხდა. ამერიკელთა მხრიდან, საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 16 ქულა მოუტანა.

საფრანგეთის და გერმანიის დაპირისპირება დრამატული გამოდგა. ევროპულ დუელში ანგარიშით 78:74 ფრანგებმა გაიმარჯვეს. პირველი ნახევარი მათ 16 ქულიანი უპირატესობით მოიგეს და მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ ბოლო ორ პერიოდში მეტოქეს აჯობა, გამარჯვება მაინც ფრანგებს დარჩათ.

ხვალ, 2 სექტემბერს, საქართველოს პირველი არხის მაყურებელი პუერტო რიკოს და ესპანეთის დაპირისპირებას იხილავს. შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.