მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | გრიგალაშვილი მეოთხედფინალშია, გოჩილაიძე მერვედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

14:49, 21.05.2024

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მეორე შეხვედრა მოიგო. ტატომ თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველს, ალბაირაკს (რევაზიშვილს) 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში მარცხის გამო რევანში აუღო და მეოთხედფინალში გავიდა. გრიგალაშვილმა მეტოქე დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა. ნახევარფინალის საგზურისთვის ქართველი ტაჯიკ მაჰმადბეკოვს შეხვდება.

ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა 81კგ-ში გამომსვლელმა დიმიტრი გოჩილაიძემაც. მან რუმინელი სულკა ვაზარით დაამარცხა და მერვედფინალში იჭიდავებს. დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი ეთერ ასკილაშვილი (63კგ) მსოფლიო ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ორი დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 66კგ-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსგავსი