მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | შვეიცარიის ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ შვეიცარიამ ანგარიში მეორე ნახევარში, 74-ე წუთზე გახსნა, თავი მანზამბიმ გამოიჩინა. ვარგასმა უპირატესობა გაზარდა, ხოლო დამატებით დროში ბოსნია-ჰერცეგოვინის კარში კიდევ ორი გოლი გავიდა – მანზამბიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ჯაკამ პენალტი გამოიყენა. პრესტიჟის გოლი მაჰმიჩის ანგარიშზეა.
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მე-80 წუთზე მოედნიდან მუჰარემოვიჩი გააძევა – ბოსნიასა და ჰერცეგოვინას მატჩის დასრულება ათი ფეხბურთელით მოუხდა.
B ჯგუფში ორი ტურის შემდეგ შვეიცარიის ნაკრებს 4 ქულა აქვს, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინას – 1. ჯგუფში მეორე მატჩი კანადასა და კატარს შორის შედგება.