მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ორლანდო ხილი – გერმანიის ნაკრების ყველა მოთამაშე, ვინც პენალტებს ასრულებდა, კარგად გვყავდა შესწავლილი #1TVSPORT
პარაგვაის ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანიასთან პენალტების სერიაში მოგებული მატჩის შემდეგ იმედოვნებენ, რომ ასეთი სულისკვეთებით კიდევ ერთ ეტაპს გადალახავენ, ხოლო მეკარე ორლანდო ხილმა თქვა, რომ მეტოქის ყველა პენალტისტი წინასწარ ჰყავდათ შესწავლილი.
პარაგვაის ნაკრები 4 ივლისს ფილადელფიაში საფრანგეთისა და შვედეთის ნაკრებების მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
„ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, მთელი გუნდით. ვფიქრობ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ყველაზე მეტი შთაბეჭდილება ჩვენმა ერთიანობამ მოახდინა. ნებისმიერი დაბრკოლების დასაძლევად წარმოუდგენელი ძალა ვაჩვენეთ. ვიცოდით, რომ გერმანიის ნაკრები დიდი ძალებით შეგვიტევდა და შესაბამისად მოვემზადეთ“, – განაცხადა პარაგვაის ნაკრების მოთამაშემ, გუსტავო გომესმა.
კომენტარი გააკეთა პარაგვაის ნაკრების მეკარე ორლანდო ხილმა, რომელმაც პენალტების სერიაში თავი შესანიშნავად გამოავლინა და ორი დარტყმა მოიგერია: „ეს წარმოუდგენელი სიხარულია, რთული მატჩი იყო. პირველ ტაიმში დავწინაურდით, მერე გერმანელებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ იმპულსის შენარჩუნება მაინც მოვახერხეთ. ცხადია, მეტოქის ყველა მოთამაშე, ვინც პენალტებს ასრულებდა კარგად შევისწავლეთ. მიხარია, რომ ორი პენალტი მოვიგერიე და გუნდს დავეხმარე. ამაყები ვართ, რომ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი დავამარცხეთ“.