მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მიკელ მერინოს გოლით ესპანეთმა პორტუგალიას სძლია და მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე მეოთხედფინალისტი ესპანეთის ნაკრები გახდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა კრიშტიანო რონალდოს პორტუგალია 1:0 დაამარცხა – გოლი 90+1-ე წუთზე მიკელ მერინომ გაიტანა.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა და გუნდებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როცა სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ესპანელმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს – ფერან ტორესის გადაცემა „არსენალის“ ნახევარმცველმა, მიკელ მერინომ გამოიყენა, რომელმაც გასული საკლუბო სეზონის დიდი ნაწილი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მუნდიალზე ესპანეთის ნაკრებს ჯერ გოლი არ გაუშვია – ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ტურნირზე მეხუთე მატჩი გამართა.
დიდი ალბათობით, პორტუგალიის ეროვნულ გუნდში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა კრიშტიანო რონალდომ – ის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავდა.
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში აშშ-ისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება – ამ გუნდების მატჩი 04:00 საათზე დაიწყება.