მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ლეო მესისთან კონფლიქტი, არშემდგარი საფეხბურთო კარიერა და გულშემატკივრების კრიტიკა – მცირე რამ ეკვადორელთა წარმატების მთავარ შემოქმედზე #1TVSPORT

00:15, 27.06.2026

ეკვადორმა გერმანია 2:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის ნანატრი საგზური მოიპოვა. ამ წარმატების მთავარი შემოქმედი გუნდის არგენტინელი მთავარი მწვრთნელი სებასტიან ბეკასესეა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ეკვადორელი გულშემატკივრების გული ვერ მოვიგე. შესაძლოა, ჩვენ ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ. ​​არის რაღაც, რაც მათ ჩემში არ მოსწონთ და ამას ვიღებ,“ – თქვა ბეკასესემ სულ რამდენიმე დღის წინ, კურასაოსთან ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ. თუმცა, ახლა ის ეკვადორის გმირია.

ვინ არის სებასტიან ბეკასესე?

სებასტიანი პროფესიონალი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. ახალგაზრდობაში ის საწმენდ საშუალებებს ყიდდა, მწვრთნელობას კი დისტანციურად სწავლობდა. აი, კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალი მისი ცხოვრებიდან:

არშემდგარი კარიერა: მან პროფესიულ დონეზე თამაში ვერ შეძლო და კარიერა 17 წლის ასაკში დაასრულა, რაც მისთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. ამ დროს მისი ტყუპისცალი არგენტინის მეორე დივიზიონში მოხვდა, ხოლო უმცროსი ძმა როსარიოს ჩემპიონატში თამაშობდა. „მინდოდა მეთამაშა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამის ნიჭი არ მქონდა. ჩემთვის ისიც აშკარა იყო, რომ ჩემი ძმები უკეთ თამაშობდნენ და უფრო სწრაფად მიიწევდნენ წინ, მაგრამ ეს ტკივილი და ჭრილობა სტიმულად ვაქციე,“ – იხსენებს ბეკასესე.

პირველი ნაბიჯები მწვრთნელობაში: 17 წლის ასაკში ის მამას ეხმარებოდა, დილით მუშაობდა, შემდეგ კი ბიჭების გუნდს ავარჯიშებდა. 18 წლისა საფეხბურთო სკოლაში მოეწყო, სადაც 4-5 წლის ბავშვების გუნდი ჩააბარეს.

ოჯახი: მომავალი მეუღლე, პატრიცია პერსონი, მან უნივერსიტეტში, ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე გაიცნო. ისინი უკვე 20 წელზე მეტია დაქორწინებულები არიან და ორი ქალიშვილი ჰყავთ.

ონლაინ განათლება და რთული გზა პერუმდე: მწვრთნელის ლიცენზია მან ონლაინ მიიღო. სწავლა როსარიოში დაიწყო, მაგრამ მალევე მიიღო მოწვევა პერუში ხორხე სამპაოლისგან (ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი), რის გამოც სწავლის დასრულება დისტანციურად მოუწია. პერუში გამგზავრებასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია არსებობს: სამპაოლისთან რომ ემუშავა, 22 წლის ბეკასესემ სამი დღე ავტობუსით იმოგზაურა, რადგან 500 დოლარად თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა არ შეეძლო. ფინანსურად მას თავად სამპაოლი დაეხმარა.

თანამშრომლობა სამპაოლისთან და კონფლიქტი მესისთან: ბეკასესე ხორხე სამპაოლისთან 20 წელზე მეტია მეგობრობს და დიდი ხნის განმავლობაში მის ასისტენტად მუშაობდა. ისინი ერთად ექვს კლუბსა და ორ ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობდნენ. 2015 წლის კოპა ამერიკაზე სებასტიანი ჩილეს ნაკრებში ახლდა მას, ხოლო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – არგენტინის ნაკრებში.

სწორედ არგენტინის ნაკრებში მუშაობისას მოუვიდა მას კონფლიქტი ლიონელ მესისთან. არგენტინულმა გამოცემა „კლარინმა“ (Clarín) დაწერა, რომ 2018 წლის მარტში, ესპანეთთან ამხანაგურ მატჩამდე (რომელიც არგენტინამ 1:6 წააგო), ლეოს ნერვები მოეშალა. ბეკასესემ ვარჯიში შეწყვიტა, მესის მხარზე შეეხო და შენიშვნა მისცა. შეხებამ ფეხბურთელი გააღიზიანა და მან სამპაოლის სთხოვა, მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო.

სებასტიან ბეკასესეს კუმირი მარსელო ბიელსაა, თუმცა მან ბიელსას შეთავაზებაზე უარი თქვა, როდესაც ამ უკანასკნელმა ჩილეს ნაკრებში მიიწვია. იმ დროს სებასტიანი უკვე მუშაობდა სამპაოლისთან და მეგობრის მიტოვება არ სურდა. საბოლოო ჯამში, მას საყვარელ მწვრთნელთან არასდროს უმუშავია. ახლა კი, ორივე მათგანი მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის რანგში იმყოფება.

მსგავსი