მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | კარლო ანჩელოტი – ერლინგ ჰალანდის წინააღმდეგ სპეციალური გეგმა არ გვაქვს #1TVSPORT

18:21, 05.07.2026

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ნორვეგიასთან მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული მერვედფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

„რაფინია გამოჯანმრთელების პროცესს დიდი სისწრაფით გადის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ იდეალურ ფორმაში არ არის, ის განაცხადში იქნება და თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. ჩვენთვის ეს სასიხარულო ახალი ამბავია, რაფინია უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.

რაც შეეხება ლუკას პაკეტას, მისი პროფილის სხვა მოთამაშე არ გვყავს, შესაბამისად, არჩევანის გაკეთება მოგვიწევს დანილოს, გაბრიელს, მატეუს კუნიასა და ედერსონს შორის, რომელთაც სრულად განსხვავებული სათამაშო სტილი აქვთ. მათგან ერთ-ერთს ჩვენი ტაქტიკური ჩანაფიქრის მიხედვით შევარჩევ.

ერლინგ ჰალანდის დონე ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ჩემს მცველებს არ სჭირდებათ მითითებები მის სათამაშო სტილზე, მის წინააღმდეგ სპეციალური გეგმა არ გვაქვს“, – აღნიშნა ანჩელოტიმ.

ბრაზილიისა და ნორვეგიის მერვედფინალური შეხვედრა 5 ივლისს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

მსგავსი