მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ესპანეთის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა და ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ბელგია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ანგარიში ესპანელებმა გახსნეს – მარჯვენა ფლანგზე ლამინ იამალისა და პედრო პოროს გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ბურთი დანი ოლმოს მიუვიდა, მისი დარტყმული ტიბო კურტუამ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ფაბიან რუისმა ანგარიში გახსნა.
მიღებული ბურთის შემდეგ ბელგიელებმა გათანაბრება სცადეს, მათი ერთ-ერთი შეტევა შარლ დე კეტელარეს ზუსტი თავური დარტყმით დაგვირგვინდა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა პირველი გოლი გაუშვა – პირველი ტაიმი კი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმი ესპანელთა უპირატესობით წარიმართა. 71-ე წუთზე ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე სენე ლამენსი გამოვიდა, რომელმაც 88-ე წუთზე კუბარსის დარტყმული ბურთი ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი მიკელ მერინომ შეძლო გამარჯვების გოლის გატანა და „ფურია როხას“ ნახევარფინალის საგზური მოუტანა.
საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი 14 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.