მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ბელგიის ნაკრების მწვრთნელი - ძალიან არადამაჯერებლად ვითამაშეთ #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ და თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ უკმაყოფილება არ დამალეს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ირანთან ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრის შემდეგ, რომელშიც „წითელი ეშმაკები“ 66-ე წუთიდან კაცნაკლულები დარჩნენ და, მოგების ნაცვლად, ქულის შენარჩუნებაზე მოუხდათ ზრუნვა.
ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშების რაოდენობით (17 მატჩი) ბელგიის ნაკრების რეკორდსმენის, ენცო შიფოს შედეგი გაიმეორა.
რუდი გარსია (ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) – „ველოდი ასეთ თამაშს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბურთის ფლობის მხრივ დიდი უპირატესობა გვექნებოდა, მაგრამ შეტევაში ეფექტურად ვერ ვმოქმედებდით – მომენტებს ვქმნიდით, თუმცა სიზუსტე გვაკლდა.
მეორე ტაიმში ათი ფეხბურთელით დავრჩით და, ცხადია, ამან შედეგზე გავლენა იქონია. მსგავსი მატჩები ადრეც ჩაგვიტარებია და მოგვიგია, მაგრამ, როგორც ჩანს, მსოფლიო ჩემპიონატის დაძაბულობა ფეხბურთელებზე მოქმედებს, რიგ ეპიზოდებში ძალიან არადამაჯერებლად ვთამაშობდით. ახალ ზელანდიასთან მატჩში ზუსტად ვიცით, რა შედეგი გვჭირდება“.
რომელუ ლუკაკუ (ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი) – „უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ არასწორად, როდესაც ამდენი შანსი შევქმენით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ბუნებრივია, ეს ჩვენ დიდ იმედგაცრუებას იწვევს. გადამწყვეტ მომენტებში ზედმეტად ემოციურად ვთამაშობთ“.