მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსის ვაქცინისა და ტესტების შეძენისთვის 12 მილიარდი დოლარის პაკეტი დაამტკიცა
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსის ვაქცინისა და ტესტების შეძენისთვის 12 მილიარდი დოლარის პაკეტი დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა 12 მილიარდი დოლარის პაკეტი, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და ტესტების შეძენასა და ინფიცირებულების მკურნალობას მოხმარდება. შესაბამისი ინფორმაცია მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ერთი მილიარდი ადამიანის ვაქცინაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს არის მსოფლიო ბანკის 160 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის ნაწილი, რომელიც 2021 წლის ივნისამდე „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად არის გათვალისწინებული. აღნიშნული პროგრამა მსოფლიოს 111 ქვეყანას მოიცავს.

„ჩვენ ვაფართოებთ დაჩქარებულ მიდგომას „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების კუთხით, რათა განვითარებად ქვეყნებს ვაქცინაზე სამართლიანი და თანაბარი წვდომა ჰქონდეთ. უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინისადმი წვდომა არის საკვანძო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა.