მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის წინაშე მზარდ რისკებს ხედავს
მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის წინაშე მზარდ რისკებს ხედავს

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ გლობალური ეკონომიკა მზარდი რისკების წინაშე დგას. მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის ყოველწლიურ შეფასებაში ფიგურალურად აღნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკის თავზე „ცა იღრუბლება“, რადგან ეკონომიკა 2019 და 2020 წლებში შედარებით მდორედ გაიზრდება.

მსოფლიო ბანკის ბოლო ანგრიშის მიხედვით, გლობალური ეკონომიკის ზრდა წელს 2.9, მომავალ წელს კი, 2.8 პროცენტი იქნება. საერთო ჯამში მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა საკმაოდ დადებითია, თუმცა არსებობს გარკვეული რისკები, რამაც შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური აქტივობა შეაფერხოს.

მსოფლიოს ეკონომიკამ ზრდის ტემპი ჯერ კიდევ გასული წლის მეორე ნახევრიდან შეანელა, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ვარდნა აქამდე მართვადი იყო.

მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდა ძირითადად, მდიდარ ქვეყნებში შენელდება, განსაკუთრებით კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რასაც მსოფლიო ბანკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული გადასახადების შემცირების პოლიტიკის შედეგად თვლის. 2021 წელს აშშ-ში ეკონომიკა მხოლოდ 1.6 პროცენტით გაიზრდება, მაშინ, როცა ზრდა 2018 წელს 2.9 პროცენტი იყო.

ეკონომიკის ზრდის ტემპი უკეთესი იქნება განვითარებად ქვეყნებში. ჩინეთის ეკონომიკა მაგალითად, 2021 წლისთვის 6 პროცენტით გაიზრდება. თუმცა, მსოფლიო ბანკი გარკვეულ რისკებსაც ხედავს, რამაც შესაძლოა, მოცემული პროგნოზები შეცვალოს.

მთავარ რისკებს შორის სახელდება საერთაშორისო ვაჭრობის შესუსტება, ასევე მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკებს, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირების გამძაფრების საშიშროება. როგორც მსოფლიო ბანკმა დათვალა, გლობალური ვაჭრობის 2.5 პროცენტი უკვე დაზარალდა გასულ წელს აშშ-სა და ჩინეთს შორის სატარიფო ბარიერების ზრდის გამო.

აშშ და ჩინეთი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 40 პროცენტს და მსოფლიო ვაჭრობის 20 პროცენტს ქმნიან. შესაბამისად, მსოფლიო ბანკის ანგარიშის ავტორი თვლის, რომ თუ ამ ქვეყნების ეკონომიკა დაზარალდა, ეს მთელს მსოფლიოზე აისახება.