მშვილდოსნებმა ვარჯიში ბათუმში განაახლეს
მშვილდოსნებმა ვარჯიში ბათუმში განაახლეს

საქართველოს მშვილდოსანთა ეროვნული გუნდი ბათუმში, ანგისას სტადიონზე მდებარე სასროლეთზე შეიკრიბა და საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრება დაიწყო. ბათუმში ასევე ჩავიდნენ ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრები, სულ ანგისაზე პირველი შეკრების მონაწილე 20 სპორტსმენია და ყველა მათგანმა ჯერ ტესტირება გაიარა და წვრთნის პროცესი რეგულაციების სრული დაცვით დაიწყო.

შეკრება 1 მარტს დასრულდება. 2 მარტს კი იქვე 2021 წლის პირველი შიდა ტურნირის საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპის შეხვედრები ჩატარდება.

ევროპაში ოლიმპიურ დისტანციაზე პირველი დიდი შეჯიბრი 16-18 მარტს ხორვატიაში კერძოდ პორეჩშია დაგეგმილი, ეს არის „ევროპის „დიდი პრიზის“ პირველი ეტაპი და ჩვენმა მშვილდოსნებმაც მზადება სწორედ ამ ტურნირისთვის დაიწყეს. ამავე ტურნირის მეორე ეტაპის გამარჯვებული 6-11 აპრილს ანტალიაში გამოვლინდება.

31 მაისს თურქეთის ეს ზღვისპირა კურორტი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება.