მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. პროცესზე გიორგანაშვილმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„დაკავების დროს არაფერი მქონია კანონსაწინააღმდეგო, რის გამოც საპროცესო შეთანხმებაზე ვთქვი უარი. დავთანხმდებოდი და უკვე გამოსულიც ვიქნებოდი, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რაც არ დამიშავებია, ის მეღიარებინა. თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ჩემთვის ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით, მაგრამ მოსამართლე შორენა გუნცაძე არ დაელოდა ამ გამოძიებას პირველ საქმეზე. სააპელაციო სასმართლომ უცვლელად დამიტოვა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი პოლიციელის ჩვენებას დაეყრდნო“, – თქვა პროცესზე გიორგი გიორგანაშვილმა.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა.
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გიორგანაშვილი არც პირველ საქმეზე და არც ამ მიმდინარე საქმეზე ბრალს არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა.