მსაჯმა დავითაშვილის გოლზე ისაუბრა - საკამათო არაფერია, მეორე ბურთი მომენტზე გავლენას არ ახდენდა [ვიდეო] #1TVSPORT
მსაჯმა დავითაშვილის გოლზე ისაუბრა - საკამათო არაფერია, მეორე ბურთი მომენტზე გავლენას არ ახდენდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბორდომ“ „გრენობლს“ დამაჯერებლად მოუგო (3:0), მაგრამ დამარცხებული გუნდის წევრებმა და გულშემატკივრებმა გააპროტესტეს ზურიკო დავითაშვილის გოლი, მსაჯი კი დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, – იუწყება Beinsports.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის შეხვედრაში დაბრუნდა და „გრენობლს“ 57-ე წუთზე მეორე გოლი გაუტანა. „გრენობლი“ ქართველის გოლს იმიტომ აპროტესტებდა, რომ ზურიკო დავითაშვილის კარისკენ გაქცევისას, მოედანზე მეორე ბურთი შემოაგდეს. ასეთ დროს კი თამაში ჩერდება. თუმცა მსაჯი საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

„ეს არის გოლი, რომელზეც დიდხანს ისაუბრებენ! დავითაშვილი ატყუებს მცველს, რათა „გრენობლის“ კარისკენ „ბორდოს“ გარღვევა გააგრძელოს, მაგრამ ამ დროს მეოდანზე ორი ბურთია. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ამიტომ მსაჯმა აბდელატიფ ხერაჯიმ საკამათო გოლის შემდეგ კომენტარის გაკეთება თავად მოინდომა“, – წერს beIN SPORTS-ი.

„საკამათო არაფერია, ვგრძნობდი, რომ მეორე ბურთს მომენტზე არანაირი გავლენა არ ჰქონდა. თამაში ამიტომ გავაგრძელე“, – განმარტა მსაჯმა „ბორდოს“ საკამათო გოლი.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა მესამე გოლი გაიტანა.