მსაჯებმა გიოჯის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს და უხერხულ მეტოქესთან გამარჯვება ტოჩინოშინს მიანიჭეს (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-11 დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო ლევან გორგაძემ. ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ დოჰიოზე კომოსუბი შოთა ენდო დადგა, რომელიც ლევანისთვის ტრადიციულად უხერხულ მეტოქედ მიიჩნევა.

ტრავმებიდან გამომდინარე, ტოჩინოშინს დისტანციაზე ბრძოლის ტაქტიკა აქვს არჩეული და ამჯერადაც შეჯახებისთანავე გაცვალა ცუპარები მოწინააღმდეგესთან. როცა მომენტი იგრძნო, ლევან გორგაძემ კომოსუბის თავზეც კარგად ჩამოარტყა ხელი და ჰატაკიკომის ილეთით დასცა დოჰიოზე, თუმცა მსაჯმა, რომელიც კარგად ვერ ხედავდა მომენტს, მეტოქისკენ გაიშვირა გუმბაი, რაც აშკარა შეცდომა იყო. ეს დააფიქსირეს სხვა მსაჯებმაც. შეიკრიბა მონოი. მსჯელობის შემდეგ გიოჯის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს და გამარჯვება ტოჩინოშინს მიაკუთვნეს.

შესაბამისად, ქართველმა რიკიშიმ მე-5 მოგება გაიფორმა 6 მარცხის საპირისპიროდ და დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ბრძოლას განაგრძობს.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე კიდევ ერთი კომოსუბი ოკინოუმი იქნება.