მოწმე ფსიქოთერაპევტი - დავინახე, რომ მიხეილ კალანდია იყო უდანაშაულო და ამის დანახვაში დავეხმარე
მოწმე ფსიქოთერაპევტი - დავინახე, რომ მიხეილ კალანდია იყო უდანაშაულო და ამის დანახვაში დავეხმარე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესი დაცვის მხარის მოწმის დაკითხვით გრძელდება. პროცესზე იკითხება ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე, რომელიც შემთხვევის შემდეგ მუშაობდა მიხეილ კალანდიასთან.

„სრულიად უსუსური იყო, არანაირი ინტერესი არ ჰქონდა. შეიძლება დავარქვათ, რომ თვითგვემაში იყო. ტრაგედიის ეპიცენტრში და მონაწილე იყო, რასაც მძიმედ განიცდიდა. თავიდან, არ შეეძლო აღედგინა მოვლენები და ცდილობდა, აღედგინა, როგორ ურტყამდა ერთი ადამიანი მეორეს დანას. მას არ ჰქონდა ჩემგან დახმარების არც მოლოდინი და არც სურვილი. სულიერად მკვდარი იყო და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის სურვილი არ ჰქონდა. ის უმძიმეს მდგომარეობაში, მძიმედ საკონტაქტო იყო. პირველი შეხვედრისას წარმოდგენა არ მქონდა, ვის ველაპარაკებოდი. ალბათ, უფრო საშინელების ჩამდენს, ჩამოყალიბებულ მკვლელს არა, მაგრამ უფრო მკვლელს.

ბოლო შეხვედრებზე უკვე, მიხეილს გამართულს, ბევრად გაწონასწორებულს ვხედავდი. თვითონ რა ზემოქმედების და დევნის მსხვერპლი აღმოჩნდა, ეს ცალკე საკითხია“, – განაცხადა ანდღულაძემ.

მოწმის თქმით, კალანდიას ხორავას ქუჩაზე მკვლელობის კადრები უტრიალებდა თავში.

„მე მჭირდებოდა, დავხმარებოდი იმის გაცნობიერებაში, იყო თუ არა ის დამნაშავე. დავინახე, რომ იყო უდანაშაულო და ამის დანახვაში დავეხმარე“, – განაცხადა ანდღულაძემ.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.