მოვიდა ჩემი ისტორიის მოყოლის დრო, არავის დავინდობ - მარკო ვან ბასტენმა ავტობიოგრაფია გამოუშვა
მოვიდა ჩემი ისტორიის მოყოლის დრო, არავის დავინდობ - მარკო ვან ბასტენმა ავტობიოგრაფია გამოუშვა

ნიდერლანდების ნაკრების ლეგენდარულმა ფორვარდმა მარკო ვან ბასტენმა ავტობიოგრაფია გამოუშვა, რომლის პირველ გვერდებზე თავიდანვე გააფრთხილა ყველა, რომ მკითხველებს სრულ სიმართლეს მოუყვება და არავის დაინდობს.

„ვგრძნობ, რომ მოვიდა ჩემი ისტორიის მოყოლის დრო. სრული სიმართლის თქმის დრო. ეს არის ისტორია, რომელიც არასოდეს მომიყოლია. მინდა ავხსნა რამდენიმე საკითხი. არავის დავინდობ. მით უმეტეს, საკუთარ თავს. დრო მოვიდა“, – წერს წინასიტყვაობაში ყოფილი ფეხბურთელი.

318 გვერდზე ვან ბასტენი ყვება თავის ბავშვობაზე, „ბრმა სურვილზე“ გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო, თავის ურთიერთობაზე ლეგენდარულ იოჰან კრუიფთან. წიგნში აღწერილია ისტორია კოჭის ტრავმაზე, რომლის გამოც ვან ბასტენმა ნაადრევად დაასრულა კარიერა, აგრეთვე მოულოდნელ ფინანსურ პრობლემებზე.

შეიძლება ნიდერლანდელის წიგნიდან ერთი ფრაგმენტის მოყვანა – როგორ იხსენებს იმ დღეს, როცა დიდი ფეხბურთიდან მისი გაცილება შედგა.

ფორვარდმა ბოლო მატჩი „მილანის“ შემადგენლობაში 1993 წლის მაისში ჩაატარა – ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი “მარსელის“ წინააღმდეგ. შემდეგ მარკო ორი წელი მკურნალობდა კოჭის ტრავმას, 1995 წლის აგვისტოში კი გულშემატკივრებს „სან სიროზე“ გამოეთხოვა.

„ეს ჩემს დაკრძალვას ჰგავდა – არა როგორც ადამიანის, არამედ ფეხბურთელის. ვგრძნობდი ამას. ჩემმა კოლეგებმაც იგრძნეს, გულშემატკივრებმაც სტადიონზე და იმათაც კი, ვინც შინ ტელევიზორში უყურებდა. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებული და უნიკალური ისტორიული მომენტი იყო. მომენტი, როცა მე მოვკვდი, როგორც ფეხბურთელი, – იხსენებს 56 წლის ვან ბასტენი. – ბევრი სხვადასხვა ხერხი ვცადე კარიერის გადასარჩენად, მაგრამ ძვალი იმდენად სუსტი გახდა, რომ კინაღამ გადატყდა. ბოლოს, უბრალოდ მინდოდა, რომ ტკივილი გამქრალიყო. ყველაფერი უკავშირდებოდა ტრავმით გამოწვეულ ფიზიკურ პრობლემას. როცა თამაში დავასრულე, ეს ტვინისთვისაც პრობლემად იქცა, რადგან მხოლოდ 32 წლის ვიყავი. სანამ 36 წლის არ გავხდი, სულ მეგონა, რომ კარიერას გავაგრძელებდი. არასოდეს მიფიქრია, რომ წავიდოდი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრება იყო. ვჭამდი თუ მეძინა, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრება. ამიტომაც მომიწია სრულად ჩემი ცხოვრების წესის შეცვლა. მე ეს შევძელი, თუმცა, დასაწყისში მართლაც ძალიან რთული იყო. არა თუ ფეხბურთის თამაში, სიარულიც კი არ შემეძლო. მე ჯერ ისევ მქონდა კოჭში ტკივილი. მაგრამ ვიცი, რომ კარგი ფეხბურთელი ვიყავი, ამიტომაც ვარ ბედნიერი“.

მარკო ვან ბასტენს კარიერის განმავლობაში ორ კლუბში უთამაშია: „აიაქსთან“ ერთად სამჯერ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონი, სამჯერ ნიდერლანდების თასის და ერთხელ თასების თასის მფლობელი. „მილანთან“ ერთად სამჯერ მოიგო სერია A და ორჯერ ჩემპიონთა თასი. ნიდერლანდელი „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელია. თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს ევროპის 1988 წლის ჩემპიონატი.