მოურინიომ გვარდიოლას უპასუხა - მან პრემიერლიგაში 6 ტიტული მოიგო, მე - 3, მაგრამ არ მინდა მოგებები, სანამ 150 საქმე განიხილება #1TVSPORT
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გაუკეთა პეპ გვარდიოლას გამონათქვამს პრემიერლიგაში ტიტულების რაოდენობის შესახებ.
1 დეკენბერს „ლივერპულმა“ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ 2:0 დაამარცხა. მეორე ტაიმის ბოლოს „ენფილდზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა ესპანელი სპეციალისტის მისამართით დაიწყეს სკანდირება: „დილით გაგათავისუფლებენ!“ ამაზე პასუხად მწვრთნელმა მაყურებელს ექვსი თითი უჩვენა. სწორედ ამდენი ტიტული აქვს „მანჩესტერ სიტის“ მოგებული პრემიერლიგაში გვარდიოლას ხელმძღანელობით.
მოგვიანებით, გვარდიოლა გამოეხმაურა მისი ჟესტის შედარებას სამ თითთან, რომელიც თავის დროზე მოურინიომ ფანებს უჩვენა „მანჩესტერ იუნაიტედის“ „ტოტენჰემთან“ 0:3 წაგების შემდეგ. გვარდიოლამ თქვა: „მან სამი ტიტული მოიგო პრემიერლიგაში, მე – ექვსი“. პორტუგალიელი სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი „ჩელსისთან“ ერთად.
„გვარდიოლამ ჩემი მისამართით თქვა, რომ მან ექვსი ტიტული მოიგო პრემიერლიგაში, მე მოვიგე სამი. მაგრამ მე პატიოსნად და სუფთად მოვიპოვე ეს ტიტულები.
თუ მე ვაგებ, ვულოცავ მეტოქეს, რადგან ის ჩემზე უკეთესი აღმოჩნდა. მე არ მინდა მოგებები, სანამ 150 საქმე განიხილება.
მე მინდა მოგება, მაგრამ მინდა, ეს პატიოსნად გავაკეთო, სუფთად. თუ არ შემიძლია პატიოსნად მოგება, მირჩევნია, წავაგო“, – განაცხადა მოურინიომ, რომელიც დღეს „ფენერბახჩეს“ მთავარი მწვრთნელია.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის თებერვალში პრემიერლიგამ „მანჩესტერ სიტი“ 155 სხვადასხვა ფინანსურ დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც 2009-18 წლების პერიოდს უკავშირდება. საქმის მოსმენა სექტემბერში დაიწყო და საბოლოო ვერდიქტს მომავალი წლის გაზაფხულზე ელოდებიან.