„ფენერბახჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს.
ეს ინფორმაცია გაავრცელა გაზეთმა The Sun-მა. პორტუგალიელი სპეციალისტის მომდევნო კლუბი, შეიძლება, „ნოტინგემი“ გახდეს.
საქმე ისაა, რომ ინგლისური გუნდი განიხილავს 51 წლის ნუნუ ეშპირიტუ სანტუს დათხოვნის შესაძლებლობას. ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, მწვრთნელსა და „ნოტინგემის“ მფლობელს, ევანგელოს მარინაკისს შორის დაძაბულობა წარმოიშვა ამ ზაფხულს განხორციელებული ტრანსფერების გამო.
ამტკიცებენ, რომ სანტუ ნამდვილად დატოვებს თავის პოსტს, რითიც შეიძლება, ისარგებლოს მოურინიომ.
გასულ სეზონში „ნოტინგემმა“ ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ სეზონში გუნდი ევროპალიგაზე ითამაშებს.