მოურინიო - „გუნდში ცოფიანი ძაღლები არ მყავს“
მოურინიო - „გუნდში ცოფიანი ძაღლები არ მყავს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ მორიგი ქულების დაკარგვის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გუნდში „ცოფიანი ძაღლები“ არ ჰყავს – ფეხბურთელები, რომლებიც „მუდამ იკბინებიან, მოედნის ყველა მონაკვეთში ბურთისთვის იბრძვიან და მოსვენებას არ აძლევენ მეტოქეს“.

მიუხედავად ამისა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი ფეხბურთელები გარკვეული ბრძოლისუნარიანობის გამოვლენისთვის და კიდევ ერთი უიმედო მატჩის გადარჩენისთვის შეაქო. 1 დეკემბერს, „საუთჰემპტონთან“ სტუმრად, „იუნაიტედი“ 0-2 აგებდა, თუმცა რომელუ ლუკაკუსა და ანდერ ერერას გოლებით ქულის გადარჩენა მაინც მოახერხა.

„ცენტრში ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი“, – აცხადებს მოურინიო, – „მოთამაშეებს არ ესმით, რომ გენიალურობა სიმარტივეშია, განსაკუთრებით მოედნის ზოგიერთ მონაკვეთში. ამ თამაშში ჩვენ სწორედ ეს სიმარტივე გვჭირდებოდა. ბურთი შემტევებს სწრაფად უნდა მივაწოდოთ ხოლმე. მიუხედავად ამისა, გუნდმა მაინც გამოავლინა სული და მატჩი გადაარჩინა“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ, „იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში ისევ გამოჩნდა ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა.