მოურინიო ფეხბურთში ცვლილებებზე - მწვრთნელი, რომელიც ძირითადი ფიგურა იყო კლუბში, კარგავს თავის მნიშვნელობას #1TVSPORT
„ფენერბახჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თანამედროვე ფეხბურთში ცვლილებებზე ილაპარაკა. ჟურნალისტმა პორტუგალიელ სპეციალისტს ჰკითხა: „დღეს ბევრს ლაპარაკობენ ფეხბურთის ევოლუციაზე. როგორ ფიქრობთ, სინამდვილეში რაში ევოლუციონირებს და რა დარჩა უცვლელი?“
„რა დარჩა უცვლელი? ის, ვინც ერთი გოლით მეტს იტანს ან ერთით ნაკლებს უშვებს, ის იგებს.
ევოლუცია? მწვრთნელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ძირითადი ფიგურა იყო კლუბის სტრუქტურაში, თანდათან კარგავს თავის მნიშვნელობას და სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული სტრუქტურებსა და ადამიანებზე, რომლებიც ხშირად მზად არ არიან.
თამაში, სამწვრთნელო სტილი, ანალიზი – ყველა დონეზე ბევრი ცვლილება მოხდა“, – განაცხადა მოურინიომ.
გარდა ამისა, პორტუგალიელმა აზრი გამოთქვა თანამედროვე ფეხბურთის პრობლემებზე.
„მე უკანასკნელი ვარ, ვინც უნდა იმსჯელოს VAR-ზე და სუფთა დროზე. დავუტოვოთ ეს თემები საფეხბურთო „ფენომენებს“. მე მხოლოდ მწვრთნელი ვარ და ასეთად უნდა დავრჩე“.
– საფეხბურთო „ფენომენებს“? ვინ არიან ისინი?
– კარგი მწვრთნელები, რომლებმაც არ იციან როგორ მოიგონ. სოცქსელების ექსპერტები. ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება აქვთ, მაგრამ ფეხბურთი ისევე იციან, როგორც მე – ატომური ფიზიკა.
ფეხბურთი – ეს არის ზედაპირულობისა და კლიშეების სამეფო. იარლიყებზე არავის უარს არ ეუბნებიან.
ჩვეულებრივ, როცა ადამიანები ჩემზე ლაპარაკობენ, ისინი ფიქრობენ იმაზე, რა იყო 15, 12, 8 ან 10 წლის წინ. ასე დგას საქმე სხვა დიადი მწვრთნელების უმეტესობასთან მიმართებაში, რომლებიც, ჩვეულებრივ, სათავეში უდგანან საუკეთესო გუნდებს და ევროპული ტურნირების ფინალებში გასვლის საუკეთესო შანსები აქვთ.
ბოლო წლებში მე სამჯერ გავედი ფინალში: ერთხელ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და ორჯერ „რომასთან“ ერთად. მე ამ ყველაფერს მსუბუქი გაკვირვებით და ამავდროულად, სიამაყით ვუყურებ, რადგან, როცა ასეთ შედეგს აღწევ კლუბთან ერთად, რომელსაც არ აქვს მოგებების ისტორია ევროპაში, ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულს მიაღწიე.
მოურინიომ ასევე გაამხილა, რომ მზად არის იმუშაოს სანაკრებო დონეზე, რაც აქამდე კარიერაში არასოდეს გაუკეთებია.
„დიახ, მინდა მოვხვდე ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე და გავაერთიანო ქვეყანა ეროვნული გუნდის გარშემო – რაც მე ბევრჯერ მომიხერხებია კლუბებთან და მათ გულშემატკივრებთან.
მინდა ეს გავაკეთო ფეხბურთისთვის, ყველაფერი იმისთვის, რასაც განასახიერებს სპორტის ეს სახეობა. ეს დაუჯერებელი მოვლენა იქნება“, – განაცხადა „ფენერბახჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა.