მოურინიო დაცვის გაძლიერებას „რეალის“ ფეხბურთელით გეგმავს
მოურინიო დაცვის გაძლიერებას „რეალის“ ფეხბურთელით გეგმავს

„ტოტენჰემი“ ინგლისის პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაში აქტიურადაა ჩართული. მოურინიოს გუნდი 29 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და პირველ ადგილზე მყოფ „ლივერპულსა“ და „მანჩესტერს“ 4 ქულით ჩამორჩება.

ლონდონური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაცვის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობს. ამჯერად, მისი სამიზნე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ედერ მილიტაოა.

ჟოზე მოურინიოს ბრაზილიელი ფეხბურთელის იჯარის წესით გადაყვანა სურს. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ეს ტრანსფერი საკმაოდ რეალურია და „ტოტენჰემი“ ახლოსაა მილიტაოს გაფორმებასთან.

22 წლის ფეხბურთელს სამეფო გუნდში სათამაშო დრო საერთოდ არ აქვს. მას უკვე ზედიზედ 9 შეხვედრაა  საერთოდ არ უთამაშია, წინა სეზონში კი მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფაქტია, რომ მილიტაო ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედის და ეს ტრანსფერიც უფრო რეალური ხდება. მაგრამ მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ „რეალმა“ ბრაზილიელი ფეხბურთელი თავის დროზე 50 მილიონ ევროდ შეიძინა, შესაბამისად სამეფო კლუბი მას არც თუ ისე მარტივად შეელევა.

მადრიდის „რეალმა“ ედერ მილიტაო „პორტუდან“ შეიძინა, პორტუგალიაში გადასვლამდე კი ბრაზილიელი ფეხბურთელი „სან-პაულოში“ თამაშობდა.