მოთამაშეებს ვეუბნები, სიარულით ფეხბურთს ვერ მოვიგებთ - „სიონის“ მწვრთნელმა პრობლემებზე ისაუბრა #1TVSPORT
მოთამაშეებს ვეუბნები, სიარულით ფეხბურთს ვერ მოვიგებთ - „სიონის“ მწვრთნელმა პრობლემებზე ისაუბრა #1TVSPORT

გიორგი დარასელია წლების განმავლობაში ისრაელში თამაშობდა და მუშაობდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ბოლნისის „სიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ იმ სხვაობაზე ილაპარაკა, რაც საქართველოსა და ისრაელის საკლუბო დონეს შორის არსებობს.

„1997 წლიდან ისრაელში ვარ და ვიცი, მათი ფეხბურთი როგორ განვითარდა და დღეს როგორი ვითარებაა. ადრე ხუთი ლეგიონერის თამაში თუ შეიძლებოდა, დღეს უკვე ამის უფლება რვას მისცეს. თანაც ისეთი ლეგიონერები ჩაჰყავთ, რომლებიც თავის სიტყვას ამბობენ. ადრე წარმატებას ლეგიონერებით აღწევდნენ, მაგრამ ახლა საკუთარი სკოლები და აკადემიები აქვთ და ბავშვებიდან დაწყებული დიდებით დასრულებული ყველას ერთნაირი პირობები გააჩნია“, – ამბობს გიორგი დარასელია.

„ჯვაროსნების“ ყოფილმა ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრების შესახებაც ისაუბრა: 

„ჯერ კოსოვოსთან მოგება მინდა ყველა მივულოცო – გულშემატკივარს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს. ეს იყო ძალიან ძნელი მოგება ამდენი წლის შემდეგ. ჩვენ ყველა ეროვნულ ნაკრებს ვგულშემატკივრობთ, წარმატებას რომ მიაღწიოს. სანიოლი ახალი ჩამოსულია ნაკრებში და ძალიან ბევრი ფეხბურთელი ნახა, მაგრამ ყველას არ იცნობს. იყო კარგი თამაშებიც, იყო ჩავარდნაც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კოსოვოსთან ბოლო თამაში მოვიგეთ და გულშემატკივარი გავახარეთ“.

გიორგი დარასელიას თქმით, წარმატებისთვის ნაკრებს სტაბილური შემადგენლობა უნდა ჰყავდეს: 

„ბოლოს როდის ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ერთი და იგივე შემადგენლობით? მინიმუმ 3-4 წელი მაინც შეთამაშებული შემადგენლობაა საჭირო, გუნდმა წარმატებას რომ მიაღწიოს. ნაკრებში პერქსპექტიული ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათთან მუშაობაა საჭირო. ნაკრებში უთმაშებელი ფეხბურთელი არ უნდა ათამაშო, რადგან მას ნაკრებში ვერავინ მოამზადებს“.

დარასელიამ საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზეც ილაპარაკა: 

„ჩვენ ეროვნულ ლიგაში 2-ში ვთამაშობთ, სადაც ოთხ გუნდს ხელოვნურ საფარი აქვს. არიან ისეთებიც, საკუთარი სტადიონი, რომ არც გააჩნია. საქართველოში ბევრი მოედნებია საჭირო. არის ადგილები, სადაც საფეხბურთო ცენტრის აშენება შეიძლება. რაც შეეხება ფეხბურთის დონეს – ჩემს მოთამაშეებს ვეუბნები, სიარულით ფეხბურთს ვერ მოვიგებთ, უნდა ვირბინოთ. პოზიციურად ისე უნდა იდგე, რომ ბურთი შენთან მოვიდეს. მეტი ვარჯიში და მომზადებაა საჭირო“.