მოსკოვში, ოპოზიციური პარტია „სხვა რუსეთის“ ოფისში ჩხრეკისას 29 ადამიანი დააკავეს
მოსკოვში, ოპოზიციური პარტია „სხვა რუსეთის“ ოფისში ჩხრეკისას 29 ადამიანი დააკავეს

მოსკოვში დაურეგისტრირებელი ოპოზიციური პარტიის, „სხვა რუსეთის“ ოფისში ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 29 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერთიანების ოფისში ჩხრეკა მას შემდეგ ჩატარდა, რაც მისმა აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს შენობის ღობეზე გამოფინეს ბანერი, წარწერით „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“.

პარტია „სხვა რუსეთი“ ითხოვს პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას, მათ შორის მოსკოვში მასობრივი არეულობების საქმეების, ასევე აღნიშნულ საქმეებზე გასამართლებული პირების გათავისუფლებას.

პარტია „სხვა რუსეთი“ 2010 წელს მწერალმა ედუარდ ლიმონოვმა დააფუძნა, რომელიც პარტიის მართვას 2016 წელს ჩამოშორდა.

შეგახსენებთ, 16 სექტემბერს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის დედაქალაქში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართული 3 აგვისტოს დემონსტრაციაში დაკავებულ პაველ უსტინოვს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში დასდეს ბრალი. გამოძიების მტკიცებით, მან სპეცრაზმელს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ამ უკანასკნელმა მხარი დაიზიანა.

დატოვე კომენტარი