მოსკოვში ავღანეთის საკითხზე შეხვედრას მოძრაობა „თალიბანის“ დელეგაციაც დაესწრება
მოსკოვში ავღანეთის საკითხზე შეხვედრას მოძრაობა „თალიბანის“ დელეგაციაც დაესწრება

​მოსკოვი ცხრა ნოემბერს ავღანეთის საკითხზე შეხვედრას უმასპინძლებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას პირველად მიიღებს მოძრაობა „თალიბანის“ დელეგაციაც. რუსეთის დიპლომატიური უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მიწვეულები არიან ინდოეთის, ირანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც.

ამასთან, განმარტებულია, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასასწრებად დელეგაციას ქვეყნის უმაღლესი საბჭოს წევრებით დააკომპლექტებს.

მოსკოვში მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით რუსეთი აგვისტოში გამოვიდა. თუმცა იმის გამო, რომ ავღანეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებში მოძრაობა „თალიბანის“ მონაწილეობაზე უარს ამბობდა, შეხვედრა ვერ იმართებოდა.