მოსკოვსა და პეტერბურგში 24 თებერვალს ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში გაიმართება
მოსკოვსა და პეტერბურგში 24 თებერვალს ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში გაიმართება

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში 24 თებერვალს რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივი მთავრობა ოპოზიციას მსვლელობის გამართვის უფლებას არ აძლევდა, თუმცა მოგვიანებით ქალაქის ადმინისტრაციამ ორგანიზატორებს ნება დართო, აქცია ლენინის მოედანზე გამართონ.

როგორც მოსალოდნელია, საპროტესტო აქციები რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

რუსეთში ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში პირველად პოლიტიკოსის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, 2015 წლის 1-ელ მარტს გაიმართა. მაშინ მსვლელობაში ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის წინ მდებარე ხიდზე მოკლეს. მას ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ჩეჩენი დააკავეს. მიმდინარე წლის ივლისში სასამართლომ ხუთივე მათგანი დამნაშავედ ცნო და მათ 11-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.