მოსკოვმა ევროპიდან ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით რამდენიმე ავიარეისი დაუშვა
მოსკოვმა ევროპიდან ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით რამდენიმე ავიარეისი დაუშვა

მოსკოვმა ევროპიდან ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით რამდენიმე ავიარეისი დაუშვა. კერძოდ, შეცვლილი მარშრუტით რუსეთში ფრენების ნებართვა მოსკოვისგან უკვე მიიღეს ავიაკომპანიებმა „ეარ ფრასმა“, „ლუფთჰანზამ“, „ავსტრიის ავიახაზებმა“.

„როსავიაციამ“ ბელარუსის გვერდის ავლით ევროპული ავიაკომპანიების რეისების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემა ავიაგადამზიდებისგან მარშრუტის ცვლილების შესახებ განაცხადების დიდი რაოდენობით განმარტა.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ „ავსტრიის ავიახაზებს“ ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლის გამო, რეისის განხორციელების უფლება არ მისცა.

მანამდე, ევროკავშირმა ყველა ევროპულ ავიაგადამზიდს მოუწოდა, თავი აარიდონ ბელარუსის ტერიტორიის თავზე ფრენას. ასევე, ბელარუსულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა. ამის მიზეზი 23 მაისს ბელარუსის ხელისუფლების მიერ ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ რეისის მინსკში იძულებით დასმა და მის ბორტზე მყოფი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავება გახდა.