მოსკოვის „სპარტაკის“ ვეტერანმა ანანიძე გააკრიტიკა - ისინი უამრავ ფულს იღებენ და მერე მშვიდად ისვენებენ
მოსკოვის „სპარტაკის“ ვეტერანმა ანანიძე გააკრიტიკა - ისინი უამრავ ფულს იღებენ და მერე მშვიდად ისვენებენ
ჯანო ანანიძე სეზონს თურქულ „დენიზლიზორში“ იჯარით გააგრძელებს.
საერთოდ, ბოლო დროს, მოსკოვის „სპარტაკისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ყველა აკრიტიკებს, ვისაც ეს არ ეზარება. ამჯერად, ეს მისია „კვირის არგუმენტებთან“ ინტერვიუში მოსკოვური „სპარტაკის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, 1962 წელს სსრკ-ის ჩემპიონმა ვალერი რეინგოლდმა შეასრულა.
„ანანიძე ტექნიკურია, მაგრამ რა სარგებლობაა მისი ტექნიკიდან, როდესაც დაბალი სიჩქარით და ნაკლები თავდადებით თამაშობს? როდესაც ინდომებდა, რაღაც კიდევ გამოდიოდა. მაგრამ საქმეც ისაა, რომ მხოლოდ ზოგჯერ გამოსდიოდა. როდესაც ეს ბიჭი პირველად ვნახე, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მისგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – მას ხასიათი არ ჰქონდა და მებრძოლი არაა. არ არის საჭირო სხვა მიზეზების მოგონება!“ – ამბობს ვალერი რეინგოლდი.
ვეტერანმა ფეხბურთელმა „სპარტაკის“ ექიმების გაფუჭებული საქმეც ანანიძეს და მის პროფესიონალიზმს დააბრალა: „არაფერ შუაშია არასწორი დატვირთვა, ტრავმები და არასწორი მკურნალობა. არცერთ ექიმს არ შეუძლია მისი ნამდვილი მდგომარეობა განსაზღვროს. ნამდვილმა პროფესიონალმა საკუთარი ორგანიზმი თავად უნდა იცოდეს. თუ კუნთის პრობლემები გაწუხებს, მატჩებისა და ვარჯიშისთვის ფთხილად და საფუძვლიანად უნდა მოემზადო. ცივ ამინდში დამხმარე ოთახში დამატებით უნდა მოითელო და გაწელვები გააკეთო, რომ კუნთები დიდი დატვირთვისთვის მოამზადო. ამ ყველაფერს პროფესიონალიზმი ჰქვია. ანანიძე კი, როგორც ჩანს, მოყვარულია!“
რეინგოლდმა ბოლოს ვერ დამალა, რომ ქართველის დიდი ხელფასი აღიზიანებს: „ეს ადამიანები კონტრაქტებს აფორმებენ, უამრავ ფულს იღებენ და მერე ბიულეტენებზე მშვიდად ისვენებენ. კარგია, რომ თურქეთში გაემგზავრა. იქნებ ის გამოდგეს, იქნებ ნაკლები დატვირთვა ჰქონდეს, რაც მეეჭვება. თანამედროვე ფეხბურთში, სისწრაფისა და თავდადების გარეშე ვერაფერს მიაღწევთ. მაგრამ მას წარმატებებს ვუსურვებ!“