მოსკოვის „ლოკომოტივი“ კვირკველიას შემცვლელს ეძებს - უცხოელებს რუსეთში ჩასვლის ეშინიათ
მოსკოვის „ლოკომოტივი“ კვირკველიას შემცვლელს ეძებს - უცხოელებს რუსეთში ჩასვლის ეშინიათ

საბა კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ წასვლას აპირებს, რუსულ მედიაში კი საქართველოს ნაკრების მცველის სავრაუდო შემცვლელის ვინაობა დაასახელეს.

„მოსკოვის „ლოკომოტივს“ ურუგვაელი მცველის, გასტონ სილვას გაფორმება სურს. ეს ის გასტონ სილვაა, რომელიც „ინდეპენდიენტეში“ თამაშობს. ურუგვაელი ცენტრალური მცველი „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სატრანსფერო მიზანია. „რკინიგზელები“ ვედრან ჩორლუკას პარტნიორს ეძებენ“ – წერს გამოცემა „სპორტ-ეკსპრესი“.

გამოცემის ჟურნალისტი დმიტრი ხლესტკინი შესაძლო ტრანსფერის წინაპირობაზე წერს: „ჩვენ უკვე დავწერეთ, რომ „ლოკომოტივი“ დაცვის ცენტრში გაძლიერებას ცდილობს. შეიძლება, გუნდი კვირკველიამ დატოვოს, მირილიო კი სუსტია, ჰევედესი წავიდა და ხორვატ მცველ ჩორლუკას უკანა ხაზში პარტნიორი სჭირდება“.

გასტონი ცენტრალური მცველია. ურუგვაელი 26 წლისაა, სიმაღლე – 185 სმ აქვს. ურუგვაელ ფეხბურთელს ევროპაში თამაშის გამოცდილება გააჩნია – ის „ტორინოსა“ და „გრანადაში“ თამაშობდა.

„სილვას ურუგვაის ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს, ხოლო მისი კონტრაქტი „ინდეპენდიენტესთან“ 2021 წელს იწურება, რაც ტრანსფერს იაფსა და რეალისტურს ხდის. პრობლემა არის ფეხბურთელის განწყობა, რომელსაც არ სურს რუსეთში გადასვლა“ – წერს გამოცემა.