მოსკოვის „დინამო“ ლუკა გაგნიძეს ერთი წლით „ურალს“ დაუთმობს #1TVSPORT
მოსკოვის „დინამო“ ლუკა გაგნიძეს ერთი წლით „ურალს“ დაუთმობს #1TVSPORT

ლუკა გაგნიძე, დიდი ალბათობით, კარიერას იჯარით არა „დინამო თბილისში“, არამედ რუსულ კლუბ ეკატერინბურგის „ურალში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას პოპულარული გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფეხბურთელი მცირე ხნის წინ „დინამო თბილისიდან“ მოსკოვის „დინამომ“ გამოისყიდა და იყო ლაპარაკი, რომ იჯარით უკან დააბრუნებდა თბილისურ კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩის“ დაუწყვილდა. მაგრამ ლუკა თბილისელთა განაცხადში არ იყო.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დიდი ალბათობით, მოსკოვის „დინამო“ ახალბედა ლუკა გაგნიძეს ერთწლიანი იჯარით „ურალს“ დაუთმობს. ზაფხულში „ლურჯ-თეთრებმა“ თბილისელი თანაგუნდელებისგან 18 წლის ნახევარმცველი 1.5 მილიონ ევროდ შეიძინეს, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის მზად მოსკოვის კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დასაკავებლად, ამას გარდა, ლეგიონერების ლიმიტიც გასათვალისწინებელია“, – წერს „სპორტ-ექსპრესი“.

18 წლის ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ სისტემაში 13 წლიდან იზრდებოდა. მან თბილისური კლუბის მთავარ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. თამაშობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, ამჟამად ქვეყნის ახალგაზრდული გუნდის კანდიდატია.