მოსკოვის ცსკა-ს ორიდან ორი, პანათინაიკოსმა მიუნხენში წააგო
მოსკოვის ცსკა-ს ორიდან ორი, პანათინაიკოსმა მიუნხენში წააგო

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაში, მეორე ტური, ოთხი შეხვედრით დაიწყო. ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ტურნირის ერთერთმა ფავორიტმა, მოსკოვის „ცსკა“-მ. დიმიტრის იტუდისის გუნდმა, პირველი ტურისგან განსხვავებით, დღეს, გაცილებით მძიმე თამაში მოიგო. თელ ავივის „მენორა მივტაჩიმ არენაზე“ რუსულმა კლუბმა, ადგილობრივი “მაკაბი” 89-86 დაამარცხა. საინტერესო და დაძაბული შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე ნანდო დე კოლო გახდა. ფრანგმა უკანახაზელმა, გადამწყვეტ მომენტებში, თამაში საკუთარ თავზე აიღო და არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო. საბოლოოდ, დე კოლოს ანგარიშზე -27 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 შედეგიანი გადაცემა დაფიქსირდა. მასპინძელთა შორის, საუკეთესო შედეგი, ამერიკელმა ანჯელო კალოიარომ დააფიქსირა. მსუბუქმა ფორვარდმა, 21 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის კლუბმა, ზედიზედ ორი მარცხით დაიწყო ტურნირი. მოსკოველებმა კი, ბარსელონას დამარცხების შემდეგ, მორიგი ორი ქულა ჩაიწერეს აქტივში და გათამაშების ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში.

მოულოდნელი მარცხი განიცადა, ათენის „პანათინაიკოსმა“ ბერძნულმა გრანდმა, სტუმრად, „ბაიერნთან“ წააგო. თელ ავივის მატჩის მსგავსად, აღნიშნული დაპირისპირებაც, უაღრესად დაძაბული გამოდგა. მიუნხენელებმა, ბოლო პერიოდის შუაში, 6-0 გაქცევა მოაწყვეს. სტუმრებმა, თამაშში ინტრიგა მაინც დატოვეს და უკანასკნელმა წამებმა, ტაქტიკური ფოლებით ჩაიარა. „ბაიერნმა“ შეძლო მოპოვებული მცირე უპირატესობის ბოლომდე მიყვანა და ერთი ქულის სხვაობით, 80-79 გაიმარჯვა. დეიან რადნოჯიჩის გუნდში საუკეთესო ნიჰად დედოვიჩი იყო. ბოსნიელმა კალათბურთელმა 19 ქულა მოაგროვა. დღესვე, დებიუტანტმა „გრან კანარიამ“ საკუთარ მოედანზე ბარსელონა მინიმალური სხვაობით, 87-86 დაამარცხა. თურქულმა „დარუშაფაკამ“ სტამბოლში, კიდევ ერთ დებიუტანტს, მონტენეგროს „ბუდუჩნოსტს“ 71-63 აჯობა. მეორე ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა ხვალ გაიმართება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ვიტორიაში, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“b მიიღებს.