მოსამართლემ თემურ ჯანაშიას ადვოკატი სხდომაზე დააბრუნა
მოსამართლემ თემურ ჯანაშიას ადვოკატი სხდომაზე დააბრუნა

მოსამართლემ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია სხდომაზე დააბრუნა.

როგორც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განმარტავს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ადვოკატს სხდომა დაატოვებინა, რადგან არც შენიშვნამ, არც მოწოდებამ და არც ჯარიმამ შედეგი არ გამოიღო.

მოსამართლის თქმით, გადაწყვეტილების ცვლილება უკავშირდება იმას, რომ არ სურს, ბრალდებულს დაცვის უფლება წაერთვას.

ბექა ბასილაია დაუმორჩილებლობის მოტივით, მოსამართლემ 7 თებერვალს სხდომიდან გააძევა.

დაცვის მხარემ დღეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატი ამბობს, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი ობიექტური არ არის, რადგან მან გირგვლიანის საქმეზე დაკავებული ერთი-ერთი პირი პირობით ვადამდე გაათავისუფლა სასჯელის მოხდისგან და ახლა ეს მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განიხილავს საქმეს.

დაცვას არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდება. პროკურორის თქმით, ფაქტობრივი გარემოებები იყო დამახინჯებული და მხარე მიუთითებდა, რომ გირგვლიანის საქმის ნაწილზე მოსამართლე თითქოს ყოფილი პრეზიდენტის თანამზრახველი იყო. მოსამართლემ აცილებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოწმის სახით დაკითხვა ვერ დასრულდა. ბაინდურაშვილმა სასამართლოში განცხადება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ის ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მზად არის მისი დაკითხვა დისტანციურად გაგრძელდეს.

კახა ბაინდურაშვილის დაკითხვა მომდევნო სხდომაზე, 7 მარტს განახლდება.