მოსადის ყოფილმა ხელმძღვანელმა ინტერვიუში ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებზე ისაუბრა
მოსადის ყოფილმა ხელმძღვანელმა ინტერვიუში ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებზე ისაუბრა

ისრაელის დაზვერვის სააგენტოს, მოსადის ყოფილი ხელმძღვანელი იოსი კოენი ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებზე საუბრობს.​

„ბიბისის“ ცნობით, იოსი კოენი ინტერვიუში ირანის ბირთვული არქივის ძარცვასა და 2018 წელს საწყობზე განხორციელებული რეიდისას ათობით ათასი დოკუმენტის ისრაელში გადაგზავნაზე საუბრობს.

იოსი კოენმა მოსადის ხელმძღვანელის პოსტი გასულ კვირაში დატოვა. ინტერვიუ კი, ადგილობრივი 12-ე არხის დოკუმენტურ გადაცემას მისცა. ის სააგენტოს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მოსადში კი, 1982 წლიდან ირიცხებოდა. მისი თქმით, კარიერის განმავლობაში მას ასობით პასპორტი აქვს გამოცვლილი. ინტერვიუში კოენმა ასევე მიანიშნა, ისრაელის მონაწილეობაზე ნატანზის ბირთვულ ობიექტის განადგურებასა და ბირთვული მეცნიერის მკვლელობაზე. ბირთვული საცავიდან გამოტანილი დოკუმენტები ნეთანიაჰუმ 2018 წელს პრესკონფერენციაზე წარადგინა, სადაც ამტკიცებდა, რომ ირანი ფარულად ცდილობდა ბირთვული იარაღის შექმნას. კოენის თქმით, ოპერაცია ორი წლის განმავლობაში იგეგმებოდა. მასში მოსადის 20 აგენტი იყო ჩართული, თუმცა არც ერთი მათგანი ისრაელის მოქალაქე არ ყოფილა. თავად კოენი კი, ოპერაციას მართვის ცენტრიდან აკვირდებოდა. საცავში აგენტები შეიჭრნენ და 30-მდე სეიფი გატეხეს.

რაც შეეხება მეცნიერის ლიკვიდაციას, მოსენ ფახრიზადეჰი თეირანის გარეუბანში გადაადგილდებისას გასული წლის ნოემბერში იყო მოკლული. კოენს არ დაუდასტურებია ან უარყვია მეცნიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია. თუმცა, აღნიშნა, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში იყო სამიზნე და დასძინა, თუკი ადამიანი ისრაელის მოქალაქეებისთვის საფრთხის მატარებელია, „მან არსებობა უნდა შეწყვიტოს ან პროფესია შეიცვალოს“.